მე-16 კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან
სახარება მათესაგან (25, 14-30)

„14. (და თქუა უფალმან იგავი ესე:) ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი და მოუწესის მონათა თვისთა და მისცის მათ მონაგები თვისი; 15. და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი ქანქარი და რომელსამე ერთი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თვისისა, და მეყსეულად წარვიდა. 16. ხოლო წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, აქმნია მას ზედა და შესძინა სხუაიღა ხუთი ტალანტი. 17. ეგრეთვე, რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხუაი ორი. 18. ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქუეყანასა ვეცხლი იგი უფლისა თვისისაი. 19. შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაი და სიტყუაი ყო მონათა მათ თანა. 20. და წამოდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და მოართუა მას სხუაიღა ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა ესერა სხუაიღა ხუთი ქანქარი შევსძინე. 21. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. 22. მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაი ორი ტალანტი შევსძინე. 23. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. 24. მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ. 25. და შემეშინა, წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა ესერა შენი შენ თანა არს. 26. მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: ბოროტო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ. 27. ჯერ-იყო შენდა დადებად ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, და მომცა-ვედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ. 28. მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი. 29. რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. და ამას რაი იტყოდა, ხმა-ყო: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! 30. და უხმარი ეგე მონაი განხადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი.“

 

I. დღეს წაკითხული სახარება შეიცავს უფალ იესო ქრისტეს მიერ ნათქვამ იგავს მონებისათვის ქანქართა (ტალანტთა) მიცემის შესახებ. ვცადოთ ამ იგავის მნიშვნელობის გააზრება.

„(და თქუა უფალმან იგავი ესე:) ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი და მოუწესის მონათა თვისთა და მისცის მათ მონაგები თვისი“ (მუხლი 14).

წამსვლელი კაცის ქვეშ, რომელიც ამ იგავშია ნახსენები, თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე იგულისხმება, რომელიც ზეცად აღმაღლდა; მონათა ქვეშ იგულისხმებიან ყოველნი მართალნი მორწმუნენი, და პირველ ყოვლისა მოციქულნი და მწყემსნი, რომელთაც თავის თავზე სამოციქულო მოვალეობანი იკისრეს. მონათათვის მინდობილ-ჩაბარებული „მონაგები“ - ის ბუნებისმიერი და მადლისმიერი ნიჭნია ,სხეულებრივი და სულიერი უნარნი, რომელთათვისაც ღმერთი პასუხს მოგვთხოვს - როგორც მათი განმრავლება-გაზრდისათვის, ასევე მათი გამოყენებისათვის.

„და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი ქანქარი და რომელსამე ერთი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თვისისა, და მეყსეულად წარვიდა“ (მუხლი 15).

„მონაგებისა“ და „ტალანტის“ („ქანქარის“) ქვეშ, როგორც ზემორე ითქვა, ზოგიერთთა განმარტებით, იგულისხმება საღმრთო ნიჭნი, რომლებიც სამგვარია. პირველ ყოვლისა, ესაა მადლისმიერნი ნიჭნი, როგორნიცაა: რწმენა, სასოება, სიყვარული, ქალწულება და სხვა სათნოებანი; აგრეთვე სასწაულთმოქმედების ძალა, მოციქულობა, წინასწარმეტყველობა და სხვანი. მეორედ, ესაა ბუნებისმიერი ნიჭნი, როგორნიცაა: მახვილი, მიმხვედრი გონება, მტკიცე ჯანმრთელობა, კეთილგანმსჯელობა, ცოდნა, მჭევრმეტყველება და სხვანი. მესამედ კი, ესაა გარეგანი სიკეთენი, როგორნიცაა: სიმდიდრე, დიდება-პატივი, ღირსება, ძალაუფლება. ამ ნიჭთ-საბოძვართ ღმერთი ყველას თანაბრად როდი აძლევს, რამეთუ ზოგს ხუთს მოჰმადლის, სხვას ორს, მესამეთ - თითო-თითოს, და ამგვარ განაწილებას აღასრულებს თავისი ნებით და თითოეული ადამიანის ძალების შესაბამისად, იმ განზრახვით, რომ ყოველი მათგანი ღმერთის სადიდებლად გამოიყენებდეს მიღებულ ნიჭსა თუ ნიჭთ, და აგრეთვე თავისი და მოყვასის სარგებლობისათვის. და ამქვეყნად ერთი ადამიანიც კი არ არის და არც ყოფილა, რომ რაიმე სახის ნიჭი არ მიეღოს თავისი შემოქმედი ღმერთისაგან, ანდა ბევრნი ნიჭნი.

ამრიგად, ასე განაგო რა თავისი მონაგები მონათა შორის, ბრძნულად გაითვალისწინა რა თითოეულის შესაძლებლობანი, უფალი მშინვე - მეყსეულად - წარვიდა. ცხოვრებისეულ საქმეებშიც ქონების დანაწილება ძალზე ბუნებრივად უსწრებს ხოლმე ბატონის სადმე წასვლას; ასე როდია ზეციურ აღმშენებლობაში: წარსვლა, ანუ უფლის ზეცად აღმაღლება სულიწმიდის გარდამოსვლამდე აღსრულდა, - იმ დღეზე უწინარეს, როცა საზეიმოდ იქნა განაწილებული ნიჭნი, თუმცა სიტყვა „მეყვსეულად“ ძალაში რჩება: მათ შორის დროის მხოლოდ მცირე მონაკვეთი იყო, და ერთი უშუალოდ მოჰყვა მეორეს, თუმცა კი პირუკუ თანმიმდევრობაში.

„ხოლო წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, აქმნია მას ზედა და შესძინა სხუაიღა ხუთი ტალანტი“ (მუხლი 16).

ქანქართა „ქმნევა“, გამოყენება, ანუ მათი სავაჭროდ მიცემა, ნიშნავს ღმერთის საბოძვართა, ნიჭთა განმრავლებას მათი გამოყენებითა და გაზრდით, განსაკუთრებით კი კეთილ საქმეთა მეშვეობით, რომლებიც მიმართულია საკუთარი თავისა და მოყვასთა დასამოძღვრავად და ამის მიერ საღმრთო მადლის ნიჭთა გასაორმაგებლად საკუთარ თავშიც და სხვა ადამიანებშიც. ეს იგავი იმას ნიშნავს, რომ ყოველი ჩვენგანი უნდა ცდილობდეს თანა-ემოქმედოს საღმრთო მადლს. ამიტომაც რაც უფრო მეტი სიკეთე მოგვეცემა, მით უფრო იზრდება პასუხისმგებლობაც მათი გამოყენება-განმრავლებისათვის; და ადამიანიც მით უფრო მეტად უნდა ცდილობდეს თავის ნიჭთა გამოყენებას სასიკეთოდ, რაც უფრო ბევრს იღებს მათ საღმრთო მადლისაგან.

„ეგრეთვე, რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხუაი ორი“ (მუხლი 17).

აქ ის მართალი მორწმუნენი იგულისხმებიან, რომელთაც მიიღეს რა, თავიანთ ძალთა შესაბამისად, ორ-ორი ნიჭი, განამრავლეს, თუ განამრავლებენ მათ ჯეროვანი გამოყენებით პატივად ღმერთისა, სარგებლობად თავისა და დასამოძღვრავად მოყვასთა.

„ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქუეყანასა ვეცხლი იგი უფლისა თვისისაი“ (მუხლი 18).

ქანქარის, ანუ ნიჭის მიწაში დაფლვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მცონარებისა და არაგულმოდგინების გამო არ გამოვიყენოთ იგი იმ მიზნით, რომლითაც მოგვეცა საღმრთო მადლისაგან. თავიანთ ნიჭთ მიწაში დაფლავს ყველა ის, ვინც რწმენასა თუ გონიერებას, წოდებასა თუ მჭერმეტყველებას, გონებამახვილობასა თუ სხეულებრივ სიძლიერეს, სიმდიდრესა თუ ღირსება-პატივს არ გამოიყენებს ღმერთის სადიდებლად, საკუთარი და მოყვასის სარგებლობისათვის. მოციქული პავლეც, ასწავლის რა ადამიანებს სასიკეთოდ და ღმერთის განზრახვის შესაბამისად გამოიყენებდნენ საღმრთო მადლისაგან მიღებულ ნიჭთ, ამბობს: „ხოლო თანა-შეგეწევით და გლოცავთ, რაითა არა ამაოდ მადლი იგი ღმრთისაი შეიწყნაროთ თქვენ“ (II კორინთ. 6,1).

„შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაი და სიტყუაი ყო მონათა მათ თანა“ (მუხლი 19).

ბოროტად გამოყენებულ, ანდა ადამიანთა მცონარებისა და არაგულმოდიგნების გამო მიწაში დაფარულ ნიჭთა გამო ღმერთი, პირველ ყოვლისა, პასუხს მოსთხოვს თითოეულ ასეთ ადამიანს მისი სიკვდილის შემდგომ, სინდისის კერძო გამოცდისას, ხოლო მეორედ - მაშინ, როცა მოვალს სიტყვის ყოფად თავის მონათა თანა თავისი მეორედ მოსვლის საშინელ ჟამს, როდესაც საბოლოოდ განსჯის, თუ ვინ რაოდენი საღმრთო ნიჭნი მიიღო და როგორ, რა საქმეზე გამოიყენა იგი.

„და წამოდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და მოართუა მას სხუაიღა ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა ესერა სხუაიღა ხუთი ქანქარი შევსძინე. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა“ (მუხლები 20-21).

ეს ნიშნავს, რომ ადამიანთა ყველა საქმის გამოცდის შემდგომ, ყველა იმ ადამიანს, რომელთაც ღმერთის პატივად გამოუყენებიათ თავიანთი ნიჭნი, თავისი სარგებლობისა და მოყვასთა სიკეთისათვის და გაუმრავლებიათ კიდეც ისინი საღმრთო მადლის შეწევნით, უფალი ასე ეტყვის: ჰოი, კეთილნო და მართალნო მონანო, შემოდით სიხარულსა უფლისა თქვენისასა! ანუ შემოდით ქორწინებასა შინა, ანუ მიიღეთ ენით უთქმელი სიხარული ცათა სასუფეველში. ეს სიხარული შესატყვისი იქნება მათი ღვაწლისა და დაშვრომისა, ანუ ვისაც რაოდენ ექნება განმრავლებული საღმრთო ნიჭნი, იმდენსავე კეთილ საზღაურს მიიღებს ცათა შინა, თუმცა კი არა თავიანთი საქმეების წყალობით, არამედ ქრისტეს დამსახურების გამო.

„მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაი ორი ტალანტი შევსძინე. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა“ (მუხლები 22-23).

აქ ნათქვამია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ნაკლებ ნიჭთ იღებენ საღმრთო მადლისაგან უფლის ნებით (ვიდრე ხუთი თუ ათი ნიჭია) და ასევე ღმერთის პატივად, თავისი და მოყვასის სარგებლობისათვის გამოიყენებენ მათ, ასევე საუკუნო კეთილ საზღაურს მიიღებენ ამისათვის.

„მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ. და შემეშინა, წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა ესერა შენი შენ თანა არს“ (მუხლები24-25).

„უფალო!“ - ჩვეულებრივი მიმართვა იყო იუდეველებში და აღნიშნავდა იმასვე, რასაც ჩვენი „ბატონო“ ნიშნავს (ამ სიტყვით შვილი ხმობდა თავის მამას - მათე 21,30, მონა - თავის ბატონს - მათე 13,27, ამავე სიტყვითაა მოხსენიებული რომაელი პროკურატორი - მათე 27,63; იგი გამოიყენებოდა ჩვეულებრივ ყოფაშიც მოსაუბრისადმი პატივისცემის ნიშნად. ასეა დღესაც ბევრ ქვეყანში - მაგალითად, საბერძნეთში).

მოხმობილ მუხლებში სახარებისა ნათქვამია, რომ უკეთური ადამიანები, რომელთაც უჯეროდ გამოუყენებიათ მათთვის ბოძებული საღმრთო ნიჭი და არ განუმრავლებიათ იგი, როცა განკითხვის საშინელ დღეს დაინახავენ მართალ მორწმუნეთ, კეთილი საზღაურის მიმღებთ მსაჯულის ქრისტესაგან თავიანთ ნიჭთა კეთილი გამოყენებისათვის, ხოლო საკუთარ თავთ უარყოფილთ და განგდებულთ საუკუნო სატანჯველისათვის, - მაშინ ეს უკეთური ადამიანები დრტვინვას დაიწყებენ უფალ იესო ქრისტეს მიმართ, და თავიანთ მცონარებასა და არაგულმოდგინებაში თვით უფალ იესო ქრისტეს დაადანაშაულებენ, - შენი გულსასტიკობის გამო ვიყავით ასეთნიო (ასეთი თვისება კი არამც და არამც არა აქვს ყოვლადსახიერსა და გულმოწყალე ღმერთს და არც შეიძლება ჰქონდეს), და ეტყვიან: ვიცით, რომ ფიცხელი, სასტიკი ხარ შენ, იმკი, სადაც არ დაგითესია, და შეიკრებ, სადაც არ განგიბნევიაო.

„მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: ბოროტო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ. ჯერ-იყო შენდა დადებად ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, და მომცა-ვედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ“ (მუხლები 26-27).

ამ სიტყვებით: „ჯერ-იყო შენდა დადებად ვეცხლი ჩემი სავაჭროსა“ - მაცხოვარი გვეუბნება, რომ მისგან მიღებული საღმრთო ნიჭნი ჩვენ უნდა განვამრავლოთ და სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ხოლო სიტყვებით. „და მო-მცა-ვედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ“, ჩვენი ცხოვნების მეოხმყოფელი ამბობს, რომ საშინელი სამსჯავროს დროს იგი ჩვენ მოგვთხოვს გაზრდილ-განმრავლებულ ნიჭთ - როგორც საღმრთო მადლისმიერთ, ასევე ბუნებისმიერთ, და რომ მომავალ ცხოვრებაში ვერავინ ვერ გაიმართლებს თავს არაგულმოდგინებითა და მცონარებით, რომელთა სიყვარულითაც ვერ გამოუყენებია სასიკეთოდ თავისი ნიჭი და ვერ განუმრავლებია იგი. და მაშინ უფალი დასჯის ყველას, ვისაც არ განუმრავლებია თავისი ნიჭნი,

„მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი“ (მუხლი 28).

აქ უფალი უარყოფს მცონარი მონის გმობას, დრტვინვას, რომელიც ცდილობს თავი იმართლოს თავის არაგულმოდგინებაში და ბრალი დასდოს თავის უფალს ანგარებაში, ანუ თითქოს ასე ეუბნებაო მას: იხილე, მონაო მცონარო და ბოროტო! მე ამ ნიჭთა განმრავლებას ჩემთვისკი არ მოვითხოვ ანგარებით, არამედ ჩემივ მონებისათვის - ჩემი გულუხვობის გამო, და ვიბრუნებ რა ჩემს ტალანტს, შენთვის ბოძებულს, კი არ ვმალავ მას, არამედ მსურს იმას მივსცე, ვინაც ხუთი ტალანტი სასიკეთოდ მოიხმარა და მათი ძალით კიდევ ხუთი ტალანტი შეიძინა, რამეთუ, ეს ჩემი მონა, ხუთი ნიჭის განმამრავლებელი, სავსებით იმსახურებს იმას, რომ ჩემიც და შენიც ტალანტი თავის კეთილსაზღაურად მიიღოს თავისი შრომისათვის... კვალად, სახარების ამ მუხლიდან ისიც უნდა დავასკვნათ, რომ განკითხვის საშინელ დღეს ღმერთი უკვე საბოლოოდ წაართმევს თავისი მადლის ნიჭთ უკეთურ ადამიანებს, რომელთაც ან ბოროტად გამოუყენებიათ იგი, ანდა არ განუმრავლებიათ სასიკეთო მოხმარებით. ამასვე ხშირად იქმს უფალი ამაქვეყნიურ ცხოვრებაშიც, როცა მცონართ და იმათ, ვინც უჯეროდ იყენებს თავის ნიჭთ, ართმევს მათ, და სხვებს გადასცემს. „ასე, მაგალითად, - ვთქვათ წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვებით (79-ე სიტყვა). - ღმერთმა წაართვა სახარების ნიჭი თავის, - უფალი ღმერთის უარმყოფელ იუდეველებს, და წარმართებს გადასცა, ვითარცა წერილ არს „მიგეღოს თქვენგან სასუფეველი ღმრთისაი და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდნენ ნაყოფსა მისსა“ (მათე 21,43). ამავე მიზეზით, რა ბევრ ადამიანს დღესაც, დაუწყია რა ცხოვრება კეთილი განზრახვებით, განმდიდრებულს ნიჭებითა და შეწევნით, მაგრამ შემდგომში განდგომილთ ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან, თავიანთი ამგვარი განდგომით უდიდესი უსჯულოებანი მოუწევნია საკუთარ თავზე,

აქ აღსანიშნავია შემდეგი სიტყვები: „და მიეცით მას, რომელსა აქვს ათი ქანქარი“. ამ სიტყვებით უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რომ წმიდანნი, რომელნიც თავიანთი მზრუნველობით განამრავლებენ მისი მადლის საბოძვართ, იმ ჯილდოსაც მიიღებენ მომავალ საუკუნო ცხოვრებაში, რომელთა მიღებაც მცონარ და უკეთურ ადამიანებს შეეძლოთ, ჯეროვნად რომ გამოეყენებინათ ღმერთისაგან მიღებული ნიჭი. ეს ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც ხდება, როცა ჯილდო წაერთმევათ ხოლმე მცონართ და გულმოდგინეთ გადაეცემათ; ამის შესახებ ასე გვეტყვის საიდუმლოთა მხილველი ღმერთი წმიდა იოანე ღვთისმეტყველის მეშვეობით: „იპყარ, რომელ-ეგე გაქუს, რაითა არავინ მიგიღოს გვირგვინი შენი“ (გამოცხ. 3.11). და ამავე სიტყვებით: „მიეცით მას, რომელსა აქეს ათი ქანქარი“ - ქრისტე გვასწავლის, რომ ცათა სასუფეველში ყველა ის მადლისმიერი ნიჭნი, რომლებიც უკეთურთ ჰქონდათ ბოძებული ქვეყნიურ ცხოვრებაში და ვერ გამოიყენეს ჯეროვნად, ნეტარ, კეთილმსახურ ადამიანებს გადაეცემათ; რამეთუ ნეტარება არის ყველა სიკეთის სრულყოფილი შეერთება.

„რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. და ამას რაი იტყოდა, ხმა-ყო: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ (მუხლი 29).

„რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს“ - ანუ იმას, ვინაც ჯეროვანი გამოყენებით განამრავლნა თავისი ნიჭნი, კიდევ მეტი ნიჭი, მადლი და დიდება მიეცემა. საუკუნო დიდება მიეცემა მქონებელს, ანუ ყველას, ვინც სასიკეთოდ გამოიყენებს თავის ნიჭს. რამეთუ ნიჭი ნამდვილად მხოლოდ იმას აქეს, ვინც კეთილად მოიხმარს მას. მცონარი კი, რომელიც მას არ იყენებს, თითქოს ისაა, ვისაც არა აქვსესნიჭი. „და რომელსა არა აქუნდეს და რომელ-ღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან“, ანუ ვინაც არ განამრავლა მისდა საღმრთო მადლისაგან ბოძებული ნიჭი, ისიც წაერთმევა, რომელიც ჰქონდა, მაგრამ ვერ განამრავლა, ისე, რომ უმჯობესი იქნება, თუკი ვიტყვით - სულაც არა აქვსო და სულაც არ ჰქონიაო ნიჭი; ანუ კეთილი საზღაური, განკუთვნილი ნიჭის ჯეროვანი გამოყენეხისათვის, მას კი არ მიეგება, არამედ იმას, ვინც კეთილად გამოიყენა თავისი ნიჭნი.

„და უხმარი ეგე მონაი განხადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი“ (მუხლი 30).

უხმარი მონის ქვეშ საღმრთო წერილში უკეთური ადამიანი იგულისხმება, რომელიც არ ცდილობს საკუთარი თავისათვის და არ აღასრულებს ღმერთის ნებას. გარესკნელის ბნელის ქვეშ იგულისხმება საუკუნო ტანჯვის ადგილი. იქ შთაიგდებიან ყოველნი მცონარნი, რომელთაც არ გამოიყენეს თავიანთი ნიჭნი ღმერთის სადიდებლად, და საკუთარი თავისა და მოყვასთა სარგვბლობისათვის.

 

II. მრავალი სამოძღვრებო შეგონებაა დღევანდელი საკითხავის იგავში, რომელიც ჩვენ განვმარტეთ; კეთილმოშიში გონებრივი განსჯით შევჩერდეთ ზოგიერთზე შემოთავაზებულ გაკვეთილთაგან.

ა) პირველ ყოვლისა, ამ იგავიდან განცხადდება, რომ უფალი ზოგს ხუთ ტალანტს, ანუ თავის საბოძვარს, ნიჭს აძლევს, სხვებს - ორს, მესამეთ კი - ერთ ნიჭს, და სულაც არ ანიჭებს ყველას ერთნაირად (მუხლი 15). რატომ არიგებს უფალი თავის საბოძვართ ასე არათანაბრად? - ჩვენივე სარგებლობისათვის. თუკი ახლაც, ქვეყნიურ ცხოვრებაში თითოეული ჩვენგანი სხვის დახმარებას საჭიროებს, - მდიდარი საქმიანი ადამიანებისას, ხოლო ღარიბნი - მდიდრებისას, და მაინც ჩვენს შორის ნაკლებია დამთმობლობა, ერთურთის შეწევნა, მშინ რაღა იქნებოდა, ყველანი რომ ყველაფრით ერთმანეთის თანასწორნი ვყოფილიყავით? როგორღა ვიცხოვრებდით ამქვეყნად? თუკი, მაგალითად, მავანი ამპარტავანი, ბოროტი ადამიანისაგან ყველანი შეწუხებულნი არიან მისი უაბდრუკობის, სიღარიბის დროსაც კი, მაშინ რაღა იქნებოდა, ყველაფერთან ერთად იგი მდიდარიც რომ ყოფილიყო! თუკი ცბიერი, მზაკვარი ადამიანი თავისი მოკლე ჭკუითაც ესოდენ დახვეწილი გამომგონებელია ათასგვარ მოტყუებაში, მაშინ რაღა იქნებოდა, ბუნებითვე იგი გამჭრიახი გონებით, ძალაუფლებითა და დიდება-პატივით რომ ყოფილიყო დაჯილდოებული?! კვალად, თუკი ადამიანთა უდიდეს ნაწილს მცირედი ქონების ჯეროვნად მოხმარება არ შეუძლია, მაშინ რაღა იქნებოდა მათს თავს, ღმერთს რომ მათთვის ყოველივე ბევრად მოეცა?! - მაშინ ისინი საკუთარ თავთაც დაიღუპავდნენ და სხვებსაც მრავალი ცოდვის ჩასადენად უბიძგებდნენ. აი, სწორედ ამიტომაც უფალი თითოეულს გონებასაც, ქონებასაც და სხვა ყოველივეს იმდენს აძლევს, რამდენიც მისი სულისათვის იქნება სასიკეთო და სასარგებლო - „კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თვისისა“. ამრიგად, ყველამ გულმოდგინედ ვიშრომოთ იმ წოდებასა და მდგომარეობაში, რომელშიც უფლის მიერა ვართ დადგინებულნილ ყოლველთვის და ყველაფრისათვის მადლობა მივუძღვნათ უფალს იმ სიკეთისათვის, რომლებითაც ჩვენ მისგან ვსარგებლობთ, და ამასთანავე, ჩვენი ძმებისადმიც, ჩვენს მოყვასთადმიც მარადის სიყვარულით ვიყოთ აღვსილნი. ნუ დავმალავთ, მიწაში ნუ დავფლავთ უფლის მიერ ჩვენდა ბოძებულ ნიჭთ, რამეთუ ქანქარის დამფლველი უარყოფილ იქნა უფლის მიერ და განგდებულ ბნელსა მას გარესკნელსა. ნურავინ ნუ იურვებს იმის გამო, რომ მისი ხვედრი, მისი ნიჭი უმნიშვნელოა, რამეთუ ყოველს თავისი შეძლებისა და მისდა ბოძებული ნიჭის კვალობაზე შეუძლია სარგებლობის მოტანა. ღმერთისათვის ძვირფასია ჩვენი გულმოდგინება და დაკმაყოფილება ჩვენი მდგომარეობით.

ბ) კვალად, დღევანდელი სახარების იგავიდან ჩანს, რომ ღმერთისაგან მიღებულნი ნიჭნი ჩვენ საქმეში უნდა გამოვიყენოთ (მუხლები 20-23). სულ ერთია, ბევრი ნიჭი მიიღო ადამიანმა, ნაკლები თუ სულ ცოტა, - ყველა ვალდებულია სინდისიერად და ქმედითად გამოიყენოს იგი. და ვინც ღმერთისაგან მიღებულს, ბევრსა თუ მცირეს, მნიშვნელოვანსა თუ უმნიშვნელოს, კარგად იყენებს, და ამით სარგებლობა მოაქვს საკუთარი სულისთვისაც და სხვა ადამიანთა სულებისთვისაც, იგი კეთილი მონაა ღმერთის წინაშე, და როცა დაასრულებს თავისი ქვეყნიური ცხოვრებისგზას, საუკუნო ნეტარებით დასტკბება. მაგრამ ვინც თავის ნიჭს, რა მცირეც არ უნდა იყოს იგი, გამოუყენებლად დატოვებს და სარგებლობას არ მოუტანს არც თავის სულს და არც სხვებისას, იგი უარყოფილი იქნება უფალი ღმერთის მიერ და განგდებულიც ბნელსა მას გარესკნელსა. გარესკნელის ბნელში არ არის საღმრთო ნათელი, და მაშასადამე, - არც სითბოა იქ, ხოლო სადაც სითბო არ არის, იქ, ბუნებრივად, სასტიკი სიცივე უნდა იყოს, და ამიტომაც არის ღრჭენაი კბილთაი. გეშინოდეს ასეთი ხვედრისა, ჰოი, კაცო! მოვალს, უსათუოდ დადგება ის საშინელი ჟამი, როცა ჩვენ მკაცრი პასუხი უნდა მივცეთ უფალს მის მიერ ჩვენდა ბოძებული ყოველი ნიჭისათვის. ხოლო რა იქნება, თუკი ეს ჟამი მოულოდნელად გვეწვევა, მაშინ დაგვიდგება, როცა ჩვენ არ ვიქნებით მზად ასეთი პასუხის მიცემისათვის?! - ხოლო ის ჟამი ნამდვილად მოულოდნელად დადგება. აკი თავად უფალი გვეუბნება! რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისა მოვიდეს. რა უნდა ვქნათ მაშინ? მიწიდან ამოვთხაროთ ჩვენი ტალანტი და ვეცადოთ საქმეში გამოვიყენოთ? მაგრამ ძალგვიძს კი ვიმედოვნებდეთ, რომ ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ საქმეს - ჩვენს სულთა ცხოვნების უმთავრეს საქმეს სწორედ სიკვდილის წინ აღვასრულებთ? ვისაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არაფერი არ გაუკეთებია, რაც ამ დიად საქმესთან იქნებოდა დაკავშირებული, მისთვის ძალზე ძნელი იქნება ამის ქმნა თავისი სიცოცხლის უკანასკნელ საათებსა და წუთებში, როცა სულიერი და ფიზიკური ძალებიც მოუძლურებული ექნება! მაგრამ ახლა ჯერ კიდევ არის დრო ვიშრომოთ, სანამ დღე არსღა, და არ დამდგარა ღამე, რომელსა შინა ვერვის ხელ-ეწიფოს საქმედ (იოანე 9,4).

გ) ამავე იგავიდან ჩვენ დავიმოძღვრებით იმაშიც, რომ საუკუნო ნეტარების მისაღწევად აუცილებელია ერთგულნი, სარწმუნონი ვიყოთ ჩვენს მოწოდებაში. „მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ!“ -ეუბნება უფალი თავის ერთგულ მონებს. ამრიგად, ერთგულნი ვიყოთ უფლისა ჩვენც. შეიძლება ვინმემ თქვას. მე სრული უფლება მაქვს ერთგულად ვიწოდებოდე, იმიტომ, რომ მწამს ქრისტიანული სწავლება ღმერთის შესახებო. ვშიშობ, რომ ესევითარს თვით წმიდა მოციქული არ შეეპასუხოს მკაცრად, რომელიც ამბობს: „შენ გრწამს, ვითარმედ ერთ არს ღმერთი, - კეთილად იქმ. და ეშმკათაცა ჰრწამნ, და ძრწიან მისგან“ (იაკობი 2,19). მაგრამ ეშმაკთ ვერავინ უწოდებს ერთგულთ. მაშ, რაში მდგომარეობს ჭეშმარიტი რწმენა? - თუკი ჩვენი ენის თვისებებს მივუსადაგებთ სახარების სწავლების სულს, ვგონებ, არ შევცდებით, თუკი ვიფიქრებთ, რომ რწმენა სამი შემდეგი ცნებისაგან შესდგება: გაჯერებულობისაგან, მინდობისაგან და ერთგულებისაგან. როცა პავლე მოციქული ამბობს, რომ „თვინიერ სარწმუნოებისა ვერ-შესაძლებელ არს სათნო-ყოფაი (ღმრთისა), რამეთუ სარწმუნოებაი უღირს რომელი მოუხდების ღმერთსა, რამეთუ არს, და მეძიებელთა მისთა სასყიდლის მიმცემელ ექმნების“ (ებრ. 11,6), ამით იგი განსაკუთრებულად მიუთითებს რწმენის საწყის ნაწილზე - დაჯერებაზე, რწმუნებაზე ღმერთის შემეცნების ჭეშმარიტებებისა, ანუ გონებისმიერ რწმენაზე. მაგრამ როცა იგივე მოციქული სხვა ადგილას საუბრობს აბრაჰამის შესახებ, რომ მას „ჰრწმენა ღმრთისაი, რომელმან-იგი განაცხოველნის მკუდარნი და უწესნ არაარსსა მას, ვითარცა არსსა. რომელსა უსასოი იგი სასოებით ჰრწმენა“ (რომ. 4,17-18), აქ წარმოგვიდგება უკვე არა უბრალო, გონებისმიერი რწმენა, არამედ უფრო ღრმა და უფრო ძლიერი - გულისმიერი რწმენა, ეს უდავოდ ადამიანის სრული მინდობაა ღმერთისადმი, უსაზღვრო მინებება და იმედოვნება მადლისმიერი აღთქმებისადმი, რომელსაც არანაირად არ ესაჭიროება დასაბუთებათა თუ მტკიცებულებათა თავდებობა. მაგრამ ამგვარი რწმენაც, სასწაულთმოქმედიც კი, რომ ზოგჯერ შეიძლება არასრულყოფილი იყოს, არა განმამართლებელი და არა მაცხოვნებელი, ამას შეუეჭვებლად გვიღაღადებს თავად უფლის ჭეშმარიტად მრისხანე გამონათქვამი: „მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაწარმეტყველებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? - მას ჟამსა ვჰრქუა მათ: არა გიცნი თქვენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი!“ (მათე 7,22-23). ამრიგად, რწმენის აუცილებელი შემავსებელი, იმისთვის, რომ იგი განმამართლებელი და მაცხოვნებელი იყოს, არის ერთგულება, სანდოობა, სარწმუნოობა. და თუკი გსურს ნამდვილად მიეკუთვნებოდე ერთგულთა, სარწმუნოთა რიცხვს, რომელთა ზედა ქრისტეს სამარადჟამო დადგინება უნდა აღსრულდეს: „რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს“, - მაშინ გწამდეს არა მხოლოდ აზრობრივად, რომ ღმერთი არსებობს, რომ იგი თავის მეძიებელთ კეთილ საზღაურს მიაგებს, რომ თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით მან თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ამქვეყნად, რათა ჩვენთვის ცხოვნების გზა გაეხსნა, და სულიწმიდაც გარდამოგვივლინა, რათა კეთილ-ეყო ჩვენთვის, კურთხევა მოეცა ჩვენთვის და განვეწმიდეთ, - ანუ არა მხოლოდ გონებისმიერი გამომცდელობის გარეშე გწამდეს ეს ყოველივე და ნდობით მიიღებდე რწმენას, არამედ მთელის შენის ცხოვრებით მიეცი თავი მას, რათა მთელი შენი სიცოცხლე, შენი საქმეები, სიტყვები და ფიქრები რწმენის გამოხატულება იყოს და ბოლოს, ერთგული იყავ ზეციური მეუფისადმი, რომელსაც შენ, გარდა იმისა, რომ მთლიანად ეკუთვნი ბუნებისმიერი უფლებით ვითარცა ყოველთა შემოქმედ უფალს, - ნებაყოფლობით დაუდექი მსახურადაც, როცა ქრისტიანი შეიქენი. მაშ, უცვალებლად და მუდამ ერთგული იყავი მისი სახელისა, მისი ბრძანებებისა, მისი მსახურებისა, მისი საბოძვარებისა და ნიჭებისა, რომელთაც იგი ჩვენ გვაძლევს - „კაცად კაცადსა მსგავსად ძალისა თვისისა“ (მათე 25,15).

დ) და ბოლოს, მზაკვარი, ბოროტი და მცონარი (მედგარი) მონის მაგალითი იმას გვასწავლის, რომ არამც და არამც არ უნდა უგულებელვყოფდეთ სულ მცირე ნიჭსაც კი (მუხლი 29). რატომ არ იღვაწა ამ მონამ, სხვების მსგავსად, როცა თავისი უფლისაგან ტალანტი მიიღო, - რატომ არ დაშვრა იგი მისი განმრავლებისათვის, და მიწაში დაფლა იგი? რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ მისდა ბოძებულ ტალანტს, ნიჭს იგი მეტისმეტად მცირედ, უმნიშვნელოდ მიიჩნევდა, ისეთად, რომელიც არ ღირდა დასაშვრომად და იმაზე საზრუნავად, რომ მისი განმრავლება ეცადა. და განა ჩვენს თავსაც იგივე არა ხდება ხოლმე? ბევრს რასმე ჩვენს ცხოვრებაში ჩვენ სულ არ ვაქცევთ ყურადღებას, რადგან ძალზე კნინად და უმნიშვნელოდ მიგვაჩნია. მაგრამ აკი საღმრთო სიბრძნე ესრეთ გვამცნებს მისთვის: მცირედსა ზედა ჩემსა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; გულისხმა-ყავ დიდიცა და მცირეცა. ამიტომ ბრძენი კაცის წესიც ეს არის ყოველივე, არა მარტო დიდი, არამედ უმნიშვნელოც, ჯეროვანი ყურადღებითა და გულმოდგინებით აღასრულოს, და პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის როდი ძალ-გვიძს მართებულად განვასხვავოთ დიდი და მცირე, მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო. მაგალითად, შესაძლოა, გეჩვენებოდეს დიდ საქმედ რაც შეიძლება მეტი ქონების შეძენა, რათა დიდი ხნით უზრუნველ-ჰყო ამქვეყნად საკუთარი სიცოცხლე. მაგრამ ფრთხილად იყავი, - ეს მზაკვარის მიერ დაგებული ბადეა, ეს ეშმაკისმიერი მოტყუებაა! კვალად, მაგალითად, შენ უმნიშვნელო საქმედ გეჩვენება რაიმე მოუფიქრებელი სიტყვის წამოსროლა. მაგრამ იცოდე, რომ „სიტყვათაგან შენთა განჰმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო“, - გეუბნება თავად უფალი. - „რამეთუ ყოველი სიტყუაი უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა“ (მათე 12,37,36). ასევე, შენ ნაკლებმნიშვნელოვან რაიმედ გეჩვენება შურის თვალით შეხედო იმას, რაც სხვებს აქვთ, შენ კი არა გაქვს. ფრთხილად იყავი, რამეთუ ამით შენ გარდახდები შენი შემოქმედი ღმერთის წმიდა მცნებას, რომლითაც ნაბრძანები გაქვს: „არა გული გითქუმიდეს ყოვლისა მიმართ, რაიცა იყოს მოყვასისა შენისა!“ მაშ, ნუ უგულებელ-ჰყოფ კნინსა და უმნიშვნელოს, და გახსოვდეს ისიც, რომ მცირისაგან შესდგება და კნინისაგან მომდინარეობს დიადი, აკი თვით უდიდესი მოვლენებიც ზოგჯერ სულ უმნიშვნელო მიზეზით აღმოსცენდებიან. მცირე მარცვლისაგან დიდი ხე იზრდება, მცირე წვეთთაგან განუზომელი ზღვა წარმოსდგება, მცირე ქვიშათაგან თუ კენჭთაგან დიდრონი მთები წარმოიქმნებიან. ასეა ნივთიერ სამყაროში, და ასეა ზნეობრივ სამყაროშიც. თითქოსდა დიდი საქმე არ იყო - ნაყოფის ჭამა ხისაგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა, მაგრამ ამისაგან საშინელი შედეგები მივიღეთ, აღურაცხელი, დაუსრულებელი უბედურებანი. ამქვეყნად არავინ არ იშვება ბოროტმოქმედად, არამედ შემდგომში, თანდათანობით, მცირედ-მცირედ შეიქნება ასეთად, როცა ნაბიჯ-ნაბიჯ ადგას საღმრთო მცნებების დარღვევის გზას, - დაწყებული მცირედით და დამთავრებული დიდით, წარმწყმედით.

მაშ, უფრთხოდე, ჰოი, ქრისტიანო, ყოველ სულ მცირე ცოდვასაც კი, რამეთუ იგი, ვითარცა ცოდვა, საძულველია უფალი ღმერთისათვის. ნუ გაუშვებ შემთხვევას, რომ ყოველ ნაბიჯზე შენი ცხოვრებისა ნებისმიერი, სულ მცირე. უმნიშვნელო სიკეთენიც აკეთო, იმიტომ, რომ იგი სათნო-ეყოფა და აამებს ჩვენს უფალს და მაცხოვარს იესო ქრისტეს.

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე