მე-15 კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან
სახარება მათესაგან (22, 35-46)

„35. და (მას ჟამსა შინა) ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის-მოძღუარმან (იესუს), გამოსცდიდა მას და ეტყოდა: 36. მოძღუარ, რომელი მცნებაი უფროის არს სჯულსა შინა? 37. ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. 38. ესე არს დიდი და პირველი მცნებაი. 39. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი. 40. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან. 41. შეკრებულ რაი იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ 42. და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტესთვის, ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი. 43. ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას უფლად და იტყვის: 44. ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა? 45. უკუეთუ დავით სულითა უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს? 46. და ვერვის ეძლო სიტყვის-მიგებად მისა, არცაღა ვინ იკადრა მიერ დღითგან კითხვად მისა არღარაი.“

 

I. დღეს წაკითხულ სახარებში წარმოდგენილი იყო უფალ იესო ქრისტეს საუბარი სჯულის-მეცნიერთან საღმრთო სჯულის უდიდესი მცნებების შესახებ და ფარისეველებთან მესია-ქრისტეს ღირსების შესახებ. განვიხილოთ ეს სახარება.

„და (მას ჟამსა შინა) ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის-მოძღუარმან (იესუს), გამოსცდიდა მას და ეტყოდა: მოძღუარ, რომელი მცნებაი უფროის არს სჯულსა შინა?“ (მუხლები 35 და 36).

სჯულის-მეცნიერი, ანუ იგივე მწიგნობარი (მის შესახებ იხ. მე-6 კვირას სულიწმიდის გარდამოსვლიდან) მაცხოვრის საუბარს ისმენდა სადუკეველებთან და დაკმაყოფილებული იყო მის პასუხთა საფუძვლიანობით. ასე ამბობს წმიდა მახარებელი მარკოზი (12,32). ამიტომ, თუკი მათე ამბობს სჯულის-მეცნიერი გამოსცდიდა იესოსო, ნუ განვმარტავთ ამას მის საწინააღმდეგოდ, რამეთუ იმ დიდად სანუგეშო სიტყვებიდან, რომლებიც უფალმა ამ სჯულის-მეცნიერ კაცს უთხრა - „არა შორს ხარ სასუფევლისაგან ღმრთისა“ (მარკ. 12,34), ჩანს, რომ იგი იესოს მტრული განზრახვით როდი მოუხდა. მისი გამოცდა კი, საკუთრივ, ჭეშმარიტების ძიება იყო. მას სურდა საკუთარი გაცბუნება განეფანტა, თავისი ვარაუდები დიდი მოძღვრის ცხადი პასუხებით განემტკიცებინა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც სხვადასხვაგვარად წყვეტდნენ მისი წრის მწიგნობარნი და სჯულის-მეცნიერნი. შეკითხვა საღმრთო სჯულის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მცნების შესახებ არ იყო არც ახალი და არც შემთხვევითი უფალ იესო ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრების ჟამს. ებრაელი რაბინები და სჯულის-მეცნიერნი განუწყვეტლივ ეკამათებოდნენ ამის შესახებ ერთმანეთს, რადგან ამ საკითხს ძალზე მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ. ერთნი მათგან ამტკიცებდნენ, რომ ყველაზე დიდი მცნება ათ საღმრთო მცნებათაგან არის - პირველი, და პირველ ადგილზედაც იგი სწორედ იმიტომაა დადგინებული, რომ ყველა სხვა მცნებაზე მნიშვნელოვანიაო. სხვანი კი ასეთივე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ შაბათის მცნებას, როგორც პირველი ოთხი მცნებიდან გადმომდინარეს, მათს დამაგვირგვინებელს და როგორც ყველაზე ძველს განწესების მხრივ. იყვნენ, ასევე, რაბინები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდია საღმრთო მცნება წინადაცვეთის შესახებ. კვალად, მეოთხეთა სწავლების თანახმად, უმნიშვნელოვანესი მცნება იყო ის, რომელიც განაწესებდა ე.წ. „ტოფილინების“, ანუ ფოჩებიანი (ფესვებიანი) შესამოსელის ტარებას, და ვინც ზედმიწევნით აღასრულებდა ამ განწესებას, სწორედ იგი უნდა მივიჩნიოთ მთელი სჯულის ჯეროვნად აღმასრულებლადო; იყვნენ, აგრეთვე, ისეთნიც, რომელთა აზრით, განბანვის წესების დარღვევა იმგვარივე მძიმე ცოდვა იყო, როგორც კაცის-კვლა. ასევე, იყვნენ ისეთნიც, რომლებიც უდიდეს საღმრთო მცნებად მესამე საღმრთო მცნებას მიიჩნევდნენ („არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა“). გილელის, ანუ გამალაილის სკოლა, რომელიც სხვებზე უფრო ღრმად სწვდებოდა სჯულის არსობრიობას და არა მის დროებითს მნიშვნელოასა და დანიშნულებას, ფიქრობდა, რომ უპირველეს და ყველაზე დიდ მცნებად უნდა მიჩნეულიყო საღმრთო მცნება ღმერთის ერთიანობისა და მისადმი სიყვარული სშესახებ. და უფალთან მოსაუბრე სჯულის-მეცნიერიც, ალბათ, სწორედ ამ სკოლას მიეკუთვნებოდა,

„ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაი“ (მუხლები 37 და 38).

სჯულის პატივისმცემელებს მაცხოვარი თვით სჯულის ზუსტი სიტყვებით დამოძღვრავს (მეორე სჯული 6,5). რითი დაიწყო საღმრთო სჯული: იმით, რომ ღმერთი ერთია. ამიტომაც ჯერ-არს მისი სიყვარული უპირველესად ყოველისა და აღმატებით ყოველისა. აი, ესაა სჯულის დასაბამი! არ არსებობს სიყვარულისათვის უფრო დიდი საგანი, ვიდრე შემოქმედი ღმერთია. ღმერთი - უზენაესი სიკეთეა და ერთადერთი ჭეშმარიტი სიკეთე. იგი არის დასაბამი და დასასრული ყოველივესი. მისით ვარსებობთ ჩვენც და ვარსებობთ მისთვისვე, ისე, რომ ღმერთის გარეშე ჩვენი ცხოვრება - წარსაწყმედელია. ამიტომაც იგი ჩვენ ყველაზე უმეტეს უნდა გვიყვარდეს. და უნდა გვიყვარდეს იგი მთელი ჩვენი არსებით - ყოვლითა გულითა, ანუ ჩვენი ყველა გრძნობისმიერი მოძრაობით; ყოვლითა სულითა - ანუ ჩვენის ნების ყველა მისწრაფებით; და ყოვლითა გონებითა, ანუ ჩვენი ყველა აზრისმიერი ქმედებებით, და ბოლოს, ყოვლითა ძლიერებით, ანუ მთელი ჩვენი სულიერი და სხეულებრივი მოქმედებით. აი, ეს არის რიგის მიხედვით უპირველესი და მნიშვნელოვნობის მიხედვით ყველაზე დიდი საღმრთო მცნება (მათე 22,28). იგი სწორედ იმიტომ არის პირველი საღმრთო მცნებათა რიგში, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია შინარსობრივი ღირსებით. ამრიგად, რაღა საჭიროა ესოდენი დავა-კამათი უფრო მნიშვნელოვან და ნაკლებად მნიშვნელოვან მცნებათა შესახებ? სჯული თავად სჯულის-მეცნიერთა ხელთაა, და იხილონ იგი.

„და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (მუხლი 39).

ეს საღმრთო მეორე მცნება იუდეველების მიერ ძალზე დამახინჯებული იყო: ცნება მოყვასისადმი სიყვარულისა მათ ისე შემოფარგლული ჰქონდათ, რომ მის ქვეშ გულისხმობდნენ მხოლოდ თანატომელთა სიყვარულს, და იმასაც უფრო გარეგნულად გამოხატულს, ვიდრე შინაგანად გათავისებულს. აწ კი ქრისტე ჯეროვან გაგებას ჩააგონებს სჯულის-მეცნიერს მასზედ, თუ რა მნიშვნელოვანია ყოველი ადამიანის წმიდა მოვალეობა უყვარდეს თავისი მოყვასი და თუ რაოდენ ყურადღებას მოითხოვს ეს მცნება. ეს, მეორე მცნება პირველზე დაბლა მდგომია თავისი საგნის ღირსებით: რამეთუ იქ - ღმერთია სიყვარულის საგანი, აქ კი - ადამიანი. მაგრამ იგი უმნიშვნელოვანესია პირველ მცნებასთან კავშირში. თუკი ჩვენ არ გვეყვარება ჩვენი მოყვასი, მაშინ ვერც ღმერთის სიყვარულს შევძლებთ. მოყვასი, ადამიანი, - ღმერთის მშვენიერი ქმნილებაა, მისი აღმატებული თვისებებია გონიერება, ნების თავისუფლება, მეუფება მთელს ბუნებაზე, - და ეს ყველა მისი ღირსება ჩვენს თვალწინაა. და ვინც პატივს არა სცემს ღმერთის ამ დიდ ამაღლებულ ქმნილებას, ის სიძულვილით სდევნის მას და ესევითარის არსებში ადგილი არა აქვს ღმერთის სიყვარულს! უგულებელ-ჰყოფს რა ქმნილებას, მოიძაგებს რა მას, ამით იგი მის შემოქმედს შეურაცხჰყოფს. მხოლოდ ჭეშმარიტ სიყვარულს მოყვასისადმი ძალუძს მტკიცე და უეჭველი მოწმობა მოგვცეს ადამიანის შესახებ, რომ მას ნამდვილად უყვარს თავისი შემოქმედი ღმერთი, რამეთუ აქ, მოყვასის, თავისი მსგავსის სიყვარულში უცხოველესი და უახლოესი ასპარეზი აქვს თავისი სიყვარულის გამოსახატავად და განსავითარებლად ღმერთისადმი.

„უკუეთუ ვინმე თქვას, ვითარმედ: მიყვარს ღმერთი, და ძმაი თვისი სძულდეს, მტყუარ არს, რამეთუ რომელსა არა უყვარდეს ძმაი თვისი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყვარებად?“ (I იოანე 4,20), - ამბობს წმიდა იოანე ღვთისმეტყველი. ამრიგად, ვისაც გულწრფელად უყვარს ღმერთი, მას, შეუძლებელია, თავისი მოყვასიც გულწრფელად არ უყვარდეს. ამიტომ, ვინც გულით იღებს და ვისაც გულითვე აქვს შემეცნებული საღმრთო მცნება ღმერთის სიყვარულის შესახებ, იმას აღარც სჭირდება მცნება მოყვასის სიყვარულის შესახებ, რამეთუ ის პირველი მცნება ამასაც სრულად მოიცავს. მაგრამ გულქვა და უხეში გონების ადამიანებისათვის, რომელნიც ირწმუნებიან გვიყვარს ჩვენი შემოქმედი ღმერთიო, თავიანთი ძმა, მოყვასი კი სძულთ, ჯერ-არს გამოცხადებულ იქნას, რომ არსებობს მეორე საღმრთო მცნებაც: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. აი, ესაა მოყვასის სიყვარულის საზომი - იგი საკუთარი თავივით უნდა გვიყვარდეს. ხოლო საკუთარი თავი რომ გვიყვარს, ეს უეჭველია, ეს ჩვენი ცხოვნების საქმეა. მაგრამ რატომ უნდა გვიყვარდეს საკუთარი თავი? - იმიტომ, რომ ჩვენ ღმერთის ქმნილებანი ვართ. ზუსტად ასევე უნდა გვიყვარდეს ჩვენ სხვა ადამიანებიც, ვითარცა ღმერთის ქმნილებანი. ხოლო თვით ადამიანის მიერ ქმნილი და მისი ხელით გაკეთებულიმისი ვნებანი, შეცთომილებანი და ბოროტმოქმედებანი მხოლოდ ჩვენს შებრალებას იმსახურებენ. ამრიგად, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ზომიერ-ჰყავ საკუთარი თავისადმი სიყვარულის მგზნებარება მოყვასისადმი სიყვარულით. ნუ გაუკეთებ და ნუ უსურვებ სხვას იმას, რასაც არამც და არამც არ უქმნიდი და არ უსურვებდი საკუთარ თავს... აი, მაგალითად, გტკივა, როცა დაგცინიან? - მაშ, შენც ნურავის დასცინებ და აიგდებ აბუჩად. ანდა, გიმძიმს, როცა არავის სურს შენი მწუხარება გაიზიაროს? - მაშ, შენც იჩქარე, რათა შენი მოყვასის უბედურება გაინაწილო! და მარადის იმას ეცადე, რომ ის უქმნა სხვებს, რასაც თავად ისურვებდი, რომ გიქმნან.

„ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან“ (მუხლი 40).

აი, ამ ორ მცნებაში - ღმერთისა და მოყვასის სიყვარულში მდგომარეობს მთელი სჯული და მთელი ღვაწლიც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებისა.

ყოველივე ის, რასაც მოსეს წიგნები გვასწავლიან, იუდეველთა ენაზე სჯულად რომ იწოდება, და ყოველივე ის, რასაც წინასწარმეტყველთა წიგნები შეგვაგონებენ, - ყოველივე ის, რაც უმთავრესია ძველ აღთქმაში, მდგომარეობს ამ ორ მცნებაში: გიყვარდეს ყველაზე მეტად ღმერთი შენი და გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ვერანაირი იუდაური სიბრძნე მათში ამის უმეტესს ვერაფერს იპოვნის. ამგვარადვე არის ეს განმარტებული ქრისტიანთათვისაც. წმიდა პავლე მოციქული ამბობს: „და მაქუნდეს ღათუ წინასწარმეტყველებაი და უწყოდი ყოველი საიდუმლოი და ყოველი მეცნიერებაი, და მაქუნდეს ღათუ ყოველი სარწმუნოებაი ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე, და სიყვარული თუ არა მაქუნდეს, არა-ვე-რაი ვარ. და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ხორცნი ჩემნი დასაწველად, და სიყვარული არა მაქუნდეს, არარაივე სარგებელ არს ჩემდა“ (I კორინთ. 13,2-3).

წმიდა მარკოზის გადმოცემით, როცა სჯულის-მეცნიერმა მწიგნობარმა მოისმინა უფლის პასუხი, თქვა: „კეთილად, მოძღვარ, ჭეშმარიტად სთქვი“ (12,32), რადგან ღმერთისა და მოყვასის სიყვარული ყველა მსხვერპლსა და შესაწირავს აღემატებაო.

სჯულის-მეცნიერმა არათუ აღტაცებით მიიღო და მოიწონა მაცხოვრის სიტყვები, არამედ თავის მხრივაც დასძინა, რომ მისი შემეცნებითაც, ღმერთისა და მოყვასისადმი სიყვარული ღმერთისადმი შეწირულ ყოველგვარ მსხვერპლს აღემატება, თუმცა ყველა იუდეველი როდი ფიქრობს ასეო, და მაშინ „იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფევლისაგან ღმრთისა“ (მარკ. 12,34). ყოვლისმცნობელი უფლის მსჯავრით სჯულის-მეცნიერი მას გონიერად პასუხობდა და ამის გამო შორს არ იყო ღმერთის სასუფევლისაგან; იგი გონიერი ადამიანია და ახლოს არის ღმერთის სასუფქველთან თავისი განწყობისა და შეხედულებების გამო, რადგან სიყვარულს ყოველგვარ მსხვერპლშეწირვაზე მაღლად აყენებს. და ეს მცირედს როდი ნიშნავდა სჯულის-მეცნიერი კაცისათვის. მაგრამ იგი მხოლოდ ახლოს არის ღმერთის სასუფეველისაგან, - ანუ, ჯერ არ არის თვით მასში. რას ნიშნავს ეს? რა აკლდა ამ სჯულის-მეცნიერს? ამას უფალი სხვა მწიგნობრებთან საუბარში გვიჩვენებს.

„შეკრებულ რაი იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტესთვის, ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი“ (მუხლები 41 და 42).

ფარისეველნი იესოს გარმემო შეკრებილიყვნენ, უეჭველია, იმისთვის, რომ რომელიმე შეკითხვით ძნელ მდგომარეობაში ჩაეგდოთ იგი, შეცდომაში დაეჭირათ, როგორც უკვე არაერთგზის გამოემჟღავნებინათ თავიანთი ეს ბოროტი განზრახვა. მაგრამ გულთამხილავი უფალი ხედავს მათს გულებს და არა მხოლოდ აქარწყლებს მათს მზაკვრობას, არამედ თვით მათვე აგდებს გამოუვალ მძიმე მდგომარეობაში, ცხადად წარმოუჩენს რა მათს შეცთომილებას. რას ფიქრობთ ქრისტე-მესიაზე, ვისი ძე არის იგიო, - ეკითხება უფალი ფარისევლებს, და ამით მათს საყვარელ თემას - აღთქმულ მესიას ეხება... მაცხოვარმა იცოდა, რასაც უპასუხებდნენ ფარისევლები. იუდეველთა საერთო რწმენა აღთქმულ მესიას, ქრისტეს მოელოდა როგორც დავით მეფის შთამომავალს. და ამაში მათი რწმენა არ სცდებოდა: ასე იტყოდნენ მესიისათვის წინასწარმეტყველნი. მაგრამ ისეთი იუდეველები, როგორნიც ფარისეველნი იყვნენ, მესიაში მხოლოდ დავითის ძეს, შთამომავალს ხედავდნენ, ქვეყნიურ მეფეს, და მათ არ ესმოდათ, რომ ამასთანავე იგი იქნებოდა საუკუნო მეუფეც, ძე ღმრთისა და ჭეშმარიტი ღმერთი. აი, სწორედ მათი ეს შეცთომილება სურს ამხილოს მაცხოვარს და მართლაც, როგორც უფალი იესო მოელოდა, ფარისევლებმაც ისე უპასუხეს მას პირველ შეკითხვაზე - მესია, ქრისტე დავითის ძეაო.

„ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას უფლად და იტყვის: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა? უკუეთუ დავით სულითა უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს?“ (მუხლები 43-45).

აღიარებს რა ფარისეველთა პასუხს მართებულად, მაცხოვარი აქვე სთავაზობს მათ თავიანთი შეხედულება აღთქმული მესიის, როგორც ქვეყნიური მეფის შესახებ, შეუჯერონ დავითის სიტყვებს. თქვენ მართალნი ხართ, - ეუბნება მათ იესო. - მესია-ქრისტე დავითის ძეა, მაგრამ რატომ არის, რომ დავითი სულით, ანუ როგორც წმიდა მარკოზი წერს, „სულითა წმიდითა“, და მაშასადამე, არა თავისი კაცობრივი შეხედულებით, არამედ ვითარცა წინასწარმეტყველი, მოსიტყვე სულიწმიდის შთაგონებით, ქრისტეს უფლად, ანუ ღმერთად ხმობს? „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯვენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქვეშე ფერხთა შენთა“ (ფსალმ. 109,1) - ასე ეუბნება ღმერთი ჩემს უფალს, ზეციური მამა - თავის ძეს, რომელიც ასევე ცათა და ქვეყნის მეუფეა, ჭეშმარიტი ღმერთი. ასე, რომ მესიის წოდება უფლად სამყაროსი, ანუ ჭეშმარიტ ღმერთად, გვიჩვენებს, რომ იგი არ არის მხოლოდ ძე კაცისა, არამედ იგი ღმერთის ძეცაა. უფალმა ღმერთმა უთხრა უფალ ღმერთს - დაჯედ მარჯვენით ჩემსა, ანუ მესია-ქრისტე მოწოდებულია თანაზიარობისათვის საღმრთო ხელმწიფებაში. და ვისთან უნდა გაიზიაროს თავისი საღმრთო ხელმწიფება უფალმა ღმერთმა, თუ არა თავის თანასწორთან და ერთარსთან? ამრიგად, ამაოდ უწოდებდნენ მრისხანე განძვინებით აღვსილნი მწიგნობარნი და ფარისეველნი იესოს ღმერთის მგმობს იმისათვის, რომ იგი „ღმერთსაცა მამად თვისა იტყოდა და თავსა თვისსა სწორ ჰყოფდა ღმრთისა“ (იოანე 5,18).

უფალი იესო თავის თავზე, ვითარცა ქრისტეზე, იმასვე ამბობს, რასაც დავით მეფე - მესიაზე. თავისი საღმრთო ღირსების დასამტკიცებლად მაცხოვარს შეეძლო წინასწარმეტყველთა სხვა მრავალ გამონათქვამზეც მიეთითებინა, რომლებმიც აღთქმული მესია-ქრისტე წარმოჩენილია როგორც ძე ღმრთისა. მას შეეძლო მიეთითებინა მიქია წინასწარმეტყველის სიტყვებზე, რომელიც ამბობს, მესია გამოვიდეს „დასაბამით დღეთაგან საუკუნოისათა“ (5,2); აგრეთვე ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებზე, რომელიც მესიას ემმანუელად ხმობს, რაც ნიშნავს „ჩვენთან არს ღმერთი“, ანე ღმერთი ჩვენი მსგავსი შეიქნება, ხორციელ-იქმნება, განკაცდებაო (7,14); აგრეთვე ღმერთად ძლიერად და მამად საუკუნოებისა, აგრეთვე მიეთითებინა იერემია წინასწარმეტყველზე, რომლის სიტყვისამებრ, მესია ქრისტე „იყოს მეფე მართალი“, რომელმან „ქმნას განკითხვა და სიმართლე ქვეყანასა ზედა“ (23,5). მაგრამ მაცხოვარი მხოლოდ დავითის იმგვარ სიტყვებზე მიუთითებს, რომლებშიც ქრისტე-მესია დავითის ძედაც წარმოსჩნდება და ღმერთის ძედაც, და ამასთანავე, მრისხანე მსაჯულადაც. და რისთვის იქმს იგი ამას? იმისთვის, რომ შიში განაღვიძოს ფარისეველთა ამპარტავან სულებმი და აიძულოს ისინი, შეძრწუნდნენ მთელის არსებით. იგი იმეორებს დავით მეფის სიტყვებს მესიის, როგორც მთელი სამყაროს მბრძანებლის შესახებ, რომელიც შიშის ზარს დასცემს თავის მტრებს. უფალი მამა ღმერთი ეუბნება უფალ ძე ღმერთს: „დაჯედ მარჯვენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქვეშე ფერხთა შენთა!“ მაშ, იცოდნენ ქრისტეს - მესიის მტრებმა, რომ ისინი დაუსჯელნი არ დარჩებიან - და რომ ისინი მიყვანილნი იქნებიან ყველაზე სავალალო, ყველაზე მწარე და უნუგეშო მდგომარეობამდე.

„და ვერვის ეძლო სიტყვის-მიგებად მისა, არცაღა ვინ იკადრა მიერ დღითგან კითხვად მისა არღარაი“ (მუხლი 46).

მაცხოვრის სიტყვებმა ისეთ საგონებელში ჩააგდო მისი მტრები - ფარისევლები, რომ მათ ერთი სიტყვის თქმაც ვერ გაბედეს მისი შეკითხვის პასუხად ქრისტეს, დავითის ძის შესახებ. ამჯერად ისინი გრძნობდნენ მისმიერი მხილების სამართლიანობას და დუმდნენ. მათ აღიარეს გულში, რომ უკვე აღარ ძალუძთ რაიმე სიტყვიერ შეცდომაში დაიჭირონ ეს ყოვლადბრძენი მოძღვარი და ამიტომ შემდგომშიც უკვე უარი თქვეს მცდელობაზეც კი მასთან კამათისა. და მართლაც, განა ეს საკმარისი არ არის ქრისტეს ჭეშმარიტების დიდების წარმოსაჩენად?! მაგრამ განა ეს საკმარისი იქნებოდა უფალ იესოს შესაყვარებლად? ოჰ, იგი მეტის მიღებას ისურვებდა მათგან, მეტს ინდომებდა თვით მათთვის. ქრისტესმიერი ჭეშმარიტება შეცდომის დროებით აღიარებას კი არ ისურვებდა, არამედ მათ სრულს გამოსწორებას, სრულს სინანულს გულისმიერ უკეთურებაში, არაწმიდებაში და სულის მორჩილ რწმენას მაცხოვარისა. მაგრამ ეს ყოველივე არ ყოფილა ფარისეველთა და მწიგნობართა, უფლის მტერთა სულებში. ამასთანავე, წმიდა მარკოზი ამბობს: „და მრავალი ერი ისმენდა მისსა (იესოს სიტყვებს) ტკბილად“ (12,37). ეს, უდავოდ, უმსუბუქებდა უფალ იესოს მწუხარებას ფარისეველთა შეუნანლობის გამო.

 

II. დასასრულ, ჩვენს მიერ განხილული დღევანდელი სახარებიდან, მოვიღოო ის ზნეობრივი დადოგმატური გაკვეთილები, რომელთაც ესოდენ უხვად შეიცავს იგი ჩვენს დასამოძღვრავად.

ა) პირველ ყოვლისა, აწინდელი სახარება გვასწავლის, რომ ჩვენი სიყვარული ღმერთისადმი ყველა ქვეყნიურ მისწრაფებებსა და სიყვარულზე მაღლად უნდა იდგეს, რამეთუ საღმრთო სჯულიც ამას გვიბრძანებს: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძლიერებითა შენითა“ (მათე 22,37-38). ღმერთისადმი სიყვარულის უპირატესობა და ყოველივე სხვაზე აღმატებულობა სავსებით სამართლიანია კაცობრივი ჯანსაღი განსჯითაც. ჩვენ ღმერთმა შეგვქმნა. მანვე მოგვანიჭა ყოველივეც, რაც გვაქვს. ჩვენი ცხოვრება და ჩვენს გარშემო არსებული ყველა საგანი, რომელნიც გვაცოცხლებენ და გვასაზრდოვებენ, - ყოველივე ეს ჩვენთვის სხვა არაფერია, თუ არ ღმერთის საბოძვარი. ღმერთისმიერი ზრუნვა ჩვენზე ჯერ კიდევ იმ დროიდან დაიწყო, როცა თითოეული ჩვენგანი ჩასახულ იქნა დედის მუცელში, და იქიდან მოყოლებული ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ვარსებობთ, რომ ასე ნებავს ღმერთს. „რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ, ვითარცა-იგი ვინმე თქვენგანნი სიტყვის მოქმედნი იტყვიან: რომლისა-იგი ნათესავცა ვართო“ (საქმე მოციქ. 17,28). გარდა ამისა, ღმერთმა მრავალი ისეთი რამ მოგვმადლა, რაც სხვა არცერთ ქმნილებას არა აქვს ამქვეყნად. ჩვენთვის შეჰქმნა მან ყოველივე, რასაც ვხედავთ. შეგვქნა რა ჩვენ სრულ მეუფეებად ამა სამყაროში, მან მიგვაახლოვა ჩვენ თავის ზეციურ ანგელოზებთან, და საკუთარი თავიც კი ცხოვლად გამოხატა ჩვენში, ვითარცა სურათზე. ყოველივე ამის შემდეგ განა ძალგვიძს ყოველივეზე მეტად არ გვიყვარდეს ჩვენი შემოქმედი ღმერთი?!

აბა, შეხედეთ არაგონიერ პირუტყვთ: ავი ძაღლი თავის პატრონს ეალერსება, რომელიც მხოლოდ მცირედს ზრუნავს მასზე; ყველაზე სასტიკნი და მძვინვარე მხეცნიც კი თვინიერდებიან იმ ადამიანის მიახლოებისას, ვინც მათ, ჩვეულებრივ, საზრდოს აძლევს. ხოლო თუკი ადამიანს არა აქვს ჯეროვანი სიყვარული სამყაროს შემოქმედისა და მპყრობელისადმი, რომელმაც, ასე ვთქვათ, ყოველგვარი საბოძვარი უხვად მოანიჭამას, მაშინ ადამიანი ამქვეყნად ყველა ცხოველსა და პირუტყვზე უფრო უხეში და უმადური ყოფილა!

საღმრთო სჯულს არასდროს არ აღუკრძალავს ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, და არც ამჟამად გვიკრძალავს მშობლებისა თუ შვილების სიყვარულს, და საერთოდაც, ბუნებრივი მიდრეკილებების ქონას საგნებისა თუ ადამიანებისადმი. ოღონდ იგი მოვალეობად გვაკისრებს ყველაზე მეტად და უწინარეს ჩვენი შემოქმედი ღმერთი გვიყვარდეს. ამიტომ ჩვენთვის სულაც არ არის ცოდვა, ვსარგებლობდეთ სიმდიდრით, დიდება-პატივით, სხვა ქვეყნიური სიკეთეებით, მაგრამ ცოდვა ის არის, რომ მათს გამო ღმერთი გვავიწყდებოდეს და მის მცნებებს ვარღვევდეთ. ჩვენ აკრძალული არა გვაქეს კმა-მყოფნი ვიყოთ ყოველივე ნივთიერით ამქვეყნად, საჭმელ-სასმელიც უხვად გვქონდეს და შესამოსელიც - მშვენიერი, მოხდენილი, მაგრამ გვეკრძალება ჩვენი მუცლის გაღმერთება (ფილიპ. 3,12) და ფუფუნებით ცხოვრებაზე გაფლანგვა საღმრთო ნიჭებისა. კვალად, ჩვენთვის სულაც არ არის დანაშაული ამა ქვეყნის სიმშვენიერეებით დატკბობა, იმიტომ, რომ თვით ღმერთმა შეჰქმნა იგი მშვენიერი, მაგრამ დანაშაულად შეგვერაცხება ყოველნაირი ზომაგადამეტებული მიდრეკილება, რომელიც გარყვნის ჩვენს გულს, გვიბნელებს გონებას და უსამართლოებად და უბედურებად შეგვქნის. ყოველივე ღმერთის მიერ არის შექმნილი, და თითოეული ქმნილება თითქოს მარად ამას გვიღაღადებს: მე კი არა, ჩემი შემოქმედი ღმერთი გიყვარდეს!

საკუთარი თავნიც კი ჩვენ ღმერთზე ნაკლებად უნდა გვიყვარდეს, რადგან ჩვენც ხომ ღმერთმა შეგვქმნა. თვით ჩვენი გულიც კი იმდენად ჩვენი საკუთრება არ არის, რამდენადაც ღმერთისა, და თვით ჩვენი უნარიც - გვიყვარდეს, თვით ეს ჩვენი სიყვარულიც ჩვენი კი არა, ღმერთის აღმონაცენია. გარდა იმისა, რომ ჩვენ ღმერთს ბუნებითვე ვეკუთვნით, როგორც მისნი ქმნილებანი, მან მეორეგზის შეგვიძინა ჩვენ თავისი მადლით, გვიყიდა ჩვენ საკუთარი წმიდა სისხლით, როცა გარდამოხდა ზეცით და ჩვენი ხსნის გულისთვის ადამიანური ბუნება მიიღო, განკაცდა. ყოველივე ეს სიყვარულმა მოიმოქმედა და ჩვენგანაც საპასუხო სიყვარულს მოითხოვს.

და ოჰ, ნეტავი ჩვენც ვეწიოთ ამ წმიდა და ამაღლებულ სიყვარულს ღმერთისა, რომელიც დაგვიურვებს ვნებებს, მოგვილბობს გულს, თვინიერ-ჰყოფს ჩვენს ზნეს, განგვინათლებს დაბნელებულ სულს; სიყვარულს, რომელიც კეთილით შეაზავებს ყველა ჩვენს საქციელს, თვით ჩვენს ფიქრებსაც კი, და რომელსაც სამოთხე მოაქვს ამქვეყნად; რომელიც მარადის უცვალებელია და მდგრადი - სიმდიდრეთა შორისაც და სიღარიბეშიც, სიხარულშიც და უბედურებშიც, ბედნიერ ვითარებებშიც და სამწუხარო გარემოებებშიც; ჩვენ რომ კვლავ შეგვეგრძნო ის საკვირველი სიყვარული, რომელიც სასიკვდილო ტანჯვად მიაცილებდა ქრისტიან მოწამეებს და ყოველთა წმიდათ თავიანთი გასაოცარი ღვაწლის აღსასრულებლად, - მაშინ რა მსუბუქი და საამო მოგვეჩვენებოდა ჩვენი ტვირთი, ჩვენი ჯვარი, მიმყვანებელი ცხოვნებად! რა ტკბილი იქნებოდა მაშინ ჩვენთვისაც მაცხოვრის ყველა მცნების აღსრულება! ღმერთისადმი ამგვარი სიყვარულის ქონისას ჩვენ მალე და სავსებით დავრწმუნდებოდით, რომ მართლაც, რომელი თვალსა კაცისასა არა უხილავს და ყურს არ სმენია და გულსაც კაცისასა არა მოსურვებია, - სწორედ იმგვარი სიკეთენი და ნეტარება განუმზადებია ღმერთს თავის მოყვარეთათვის.

ბ) მეორე გაკვეთილი, მიღებული ჩვენს დასამოძღვრად დღევანდელი სახარებიდან ის არის, რომ ღმერთისა და მოყვასის სიყვარულში მდგომარეობს მთელი საღმრთო სჯული (მუხლი 40). მართლაცდა, რაკი ქრისტიანული სჯულის სული - სიყვარულია, ამიტომ მისი აღსრულებაც გარეგან სჯულისმიერ მოქმედებებში კი არ მდგომარეობს, არამედ სჯულისმიერად მომქმედი ადამიანის შინაგან განწყობაში. ამიტომაც მხოლოდ ის ადამიანი შეიძლება მივიჩნიოთ სჯულის აღმსრულებლად, ვინც სიყვარულით არის აღსავსე, რამეთუ უსიყვარულოდ შეუძლებელია საღმრთო სჯულის აღსრულება.

ამაში დასარწმუნებლად, წარმოიდგინეთ თქვენი თავი იმ დროს, როდესაც სჯულის შესაბამისად მოქმედებთ მოყვასთა მიმართ. რა არის ხოლმე, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში რა უნდა იყოს ხოლმე თქვენს ქმედებათა დასაბამად და აღმძვრელად? - სიყვარული. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ სჯულის გარდამხდომელნი თუ არა, მონები იქნებით. იმისთვის, რომ ქრისტესმიერი სჯულის ჭეშმარიტი მნიშვნელობით აღვასრულოთ ჩვენი მოვალეობა მოყვასებთან მიმართებაში, ჯერ-არს თვით ჩვენვე ხშირად დავითმენდეთ არასასურველს, თავად ვიმდაბლებდეთ, ვივიწყებდეთ საკუთარ თავს, პირადულს, საკუთარ მოსვენებასა და ნუგეშს. ხოლო სიყვარულის გარეშე ყოველივე ამის აღსრულება ძნელია, შეუძლებელიცაა. იქ, სადაც მოყვასის სიმძიმეთა ტვირთვაა საჭირო, სიყვარულის გარეშე ჩვენში ანგარება და თავის მოყვარება ამოქმედდება; იქ, სადაც სიმშვიდე და მორჩილება უნდა გამოვამჟღავნოთ, ამპარტავნებისა და ქედმაღლობის სული გაგვაღიზიანებს; იქ, სადაც ჯერ-არს სხვათა სიკეთე გვიხაროდეს, უსიყვარულო გული ჩვენი შურით აღივსება და დაიღრღნება; იქ, სადაც ხელისუფლების მპყრობელთა ნება უნდა აღვასრულოთ, უსათუოდ აღმოსცენდება ჩვენში ურჩობა, ბოროტსიტყვაობა, გმობა, განკითხვა, ცილისწამებანი, ბეზღობანი, და ეს ყოველივე იესო ქრისტეს მცნებათა საწინააღმდეგოდ მოხდება. ერთის სიტყვით, უსიყვარულოდ არ არის და არც შეიძლება იყოს საღმრთო სჯულის ჭეშმარიტი აღსრულება.

და პირიქით, რა აღმტაცია ისეთი საზოგადოების ხილვა, სადაც ადამიანთა შორის ურთიერთთანაზიარი სიყვარული და ერთსულოვნება სუფევს! სათნოებათა რა კეთილსახიერი ერთობა, გვირგვინი ამკობს იმ ადამიანის გულს, ვინც წმიდა ქრისტიანული სიყვარულით არის განსულიერებული! ჭეშმარიტი ქრისტიანი ყველას ისე უყურებს, როგორც თავის ძმებს, შობილთ ერთი მამისაგან, გამოსყიდულთ ღმერთის წინაშე ადამიანთა ერთი მეოხმყოფელის - იესო ქრისტეს წმიდა სისხლით, და როგორც თანამემკვიდრეთ ზეციური მარადიული ნეტარებისა; და მაშინ, ასეთი ქრისტიანი, თავისი სიყვარულით ზეაღვსებული გულიდან, ვითარცა უხვი წყაროდან, ყოველგვარი სიკეთის მრავალგვარ ჭავლთ წარმოადენს. ამრიგად, სიყვარულით აღსავსე ქრისტიანი, ყოველთვის და ყველგან აღასრულებს რა ღვთის სიტყვას, თავის თავზეც ზეციური მამის სიყვარულს მოიზიდავს და მტკიცედ დაამკვიდრებს თავს მასთან ერთობაში.

გ) კვალად, აწინდელი სახარებიდან ის ჭეშმარიტება განგვეცხადება, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი (მუხლი 45). საღმროო წერილი ათასგზის და განუწყვეტლივ გვიმოწმებს, რომ იესო ქრისტე - ღმერთია. მისი ღვთაებრიობა ცხადად განმსჭვალავს მთელს მის ქვეყნიურ ცხოვრებას. ქრისტეს შობა აღინიშნა მთელი რიგით ისეთი მოვლენებისა, რომლებშიც მის უაღრეს დამდაბლებასთან ერთად აშკარად განცხადდა მისი ღვთაებრივი დიდებაც... იოანე მახარებელმა დედაკაცთაგან შობილი უდიდესი ადამიანის - უფლის წინამორბედის პირით იღაღადა ქრისტეს საუკუნოობა და მისი უსაზომო დიდებულება (იოანე 1,27). ქრისტეს ღმრთაების ძალმოსილება, სხვათა თანად, გამოვლინდა პეტრეს, ანდრიას, იაკობისა და იოანეს სამოციქულოდ მოწოდებაში (მათე, თავი 4). და თუ არა ღვთაებრივი, სხვა რა შეიძლება იყოს ის ძალა, რომელიც უფლის ბაგეთაგან გახმიანებულ სულ მცირედთა სიტყვათა მეშვეობით ესოდენ ანაზდეულად, ძალმოსილად, ესოდენ ზებუნებრივად და ძლევამოსილად ზემოქმედებს ადამიანთა უძლიერეს ბუნებრივ მიდრეკილებებზე, გრძნობებზე, წარმოდგენებზე?! კვალად, მოციქულთა მოწოდებისას მათს ღვაწლში იესო ქრისტემ საღმრთო ყოვლისმცნობელობაც წარმოაჩინა. ასეთივე თვისება გამოავლინა მან განრღვეულის განკურნვისას.

იოანეს მოწაფეთა შეკითხვაზე - ნამდვილად ის ხარ, აღთქმული მესია - ქრისტე, ვისაც ჩვენ მოველოდებითო, იესომ თავის მიერ აღსრულებულ სასწაულებზე მიუთითა (ლუკა 7,18-22). იესო ქრისტეს სასწაულები, გვიდასტურებენ რა, რომ იგი ნამდვილად აღთქმული მესიაა, ამასთანავე ცხადად მოწმობენ მის ღვთაებრივობასაც. რამეთუ ჭეშმარიტი მესია - ქრისტე - ღმერთი უნდა იყოს და არის! თუმცა სასწაულები, ცხადყოფენ რა საღმრთო ძალის მუნმყოფობას და მოქმედებას, უსათუოდ არ ავლენენ საღმრთო პირს სასწაულთმოქმედში, რადგან ისინი შეიძლება ადამიანთა მიერაც იყვნენ აღსრულებულნი, ღმერთის ნებითა და ძალით. ამიტომ, იესო ქრისტეს ღვთაებრივობაში დასარწმუნებლად აუცილებელი იყო რომელიმე ყოვლად საკვირველი და არაჩვეულებრივი სასწაული. ამგვარ სასწაულად მოგვევლინა მისი მკვდრეთით აღდგომა. არასდროს არ ყოფილა, და ამის წარმოდგენაც შეუძლებელი იყო, რომ ადამიანს, გარდაცვლილს, საკუთარი თავი მკვდრეთით აღედგინოს. ამიტომაც უფალ იესო ქრისტეს მიერ აღსრულებულმა მკვდრეთით აღდგინებამ საკუთარი თავისა, საკუთარი ნამდვილად მომკვდარი ადამიანური ბუნებისა, ყოვლად სრულყოფილი დადასტურება-დამტკიცება მოგვმადლა იმისა, რომ იგი არის ჭეშმარიტი ღმერთი, მეუფე სიცოცხლისა და სიკვდილისა; რომ იგი არის ჭეშმარიტი მაცხოვარი, რომელსაც ძალუძს თავისი საღმრთო ყოვლადძლიერებით მკვდრეთით აღადგინოს ყოველნი ადამიანნი, მოკვდინებულნი ცოდვებით.

ამრიგად, იესო ქრისტე, „რომელი-იგი ხატი ღმრთისაი იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა“ (ფილიპ. 2,6), ანუ უფალ იესო ქრისტესათვის ღმერთის თანასწორად ყოფნა და ასეთად პატივ-დება არ ყოფილა სხვისი ღირსების მიტაცება, რამეთუ იგი იყო და არის არსისმიერი ხატი ღშრთისა, ჭეშმარიტი ღმერთი.

დ) და ბოლოს, აწინდელი სახარებიდან ჩვენ ვიგებო, რომ მთელი საღმრთო წერილი არის ღვთის სიტყვა, რადგან თავად იესო ქრისტე ამბობს, რომ დავითი საღმრთო სულით, ანუ სულიწმიდით უწოთდა მესია-ქრისტეს უფლად, ღმერთად (მუხლი 46). საღმრთო წერილი რომ ღვთის სიტყვაა, ეს მტკიცდება წინასწარმეტყველთა და მოციქულთა ღმრთივსულიერებით და ღმრთივშთაგონებულობით, რომელთა მიერ იგი შეიქმნა, დაიწერა. პეტრე მოციქულის მოწმობით, წინასწარმეტყველება არასდროს არ ყოფილა წარმოთქმული ადამიანის, ანუ თავად წინასწარმეტყველის ნებით, არამედ მას ყოველთვის წმიდა ადამიანები წარმოთქვამდნენ, აღძრულნი სულიწმიდის მიერ. ამასვე უმოწმებს უფალი თავის მოციქულებს, როცა ეუბნება: „არა თქვენ იყვნეთ მეტყველნი, არამედ სული მამისა თქვენისაი, რომელი იტყოდის თქვენ შორის“ (მათე 10,20). ამრიგად, საღმრთო წერილის ყველა წიგნი სულიწმიდის კარნახით არის დაწერილი. ხოლო რადგანაც სულიწმიდა ჭეშმარიტების სულია, ამიტომ სულიწმიდით აღძრული წინასწარმეტყველების მიერ წარმოთქმული ყველა სიტყვაც ჭეშმარიტი უნდა იყოს და არის კიდეც. ამიტომაც ჩვენც ჭეშმარიტებად უნდა ვაღიაროთ ყველა ის სიტყვა, რომლებიც ნაუწყებია საღმრთო წიგნებით, და ჩაწერილია მათში წინასწარმეტყველთა მიერ ღმერთის სახელით. კვალად, საღმრთო წერილის, ბიბლიის, ძველი და ახალი აღთქმის წიგნების ღვთაებრივ წარმომავლობას მოწმობს ის ძლევამოსილი ზემოქმედებაც, რომელსაც ისინი ახდენდნენ ყოველთვის და ამჟამადაც ახდენენ ადამიანთა გულებზე. სანამ ადამიანთა შორის ჯერ კიდევ არ იყო გავრცელებული საღმრთო წერილი, ისინი უცნობელნი, უხეშნი და უკეთურნი იყვნენ; კეთილმსახურება მაშინ მხოლოდ მცირერიცხოვან რჩეულ ოჯახებში იყო შემორჩენილი. ხოლო წმიდა წერილის გავრცელებასთან ერთად ადამიანთა შორის ისინი სრულიად შეიცვალნენ უცნობელთაგან და უხეშთაგან ისინი განათლებულებად იქცნენ, კერპთთაყვანისმცემელთაგან ერთი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემლებად შეიქნენ. შეიძინეს ჭეშმარიტი, მართებული გაგება სიკეთისა და ბოროტებისა და ცხოვრებაც ზნეობრივად დაიწყეს. და ბოლოს, წმიდა წერილის საღმრთო წარმომავლობას ცხადად ამტკიცებს მისი შინაარსის ამაღლებულობა და სრულყოფილი სიწმიდე. საღმრთო წერილის შინაარსის ამაღლებულობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი შეიცავს ზეაღმატებულ და ადამიანთა გონებისათვის მიუწვდომელ ჭეშმარიტებებს, იმგვართ, რომელთაც ადამიანის გონება თავისით ვერ მოიფიქრებს; ასეთი ჭეშმარიტებანია, მაგალითად, სულიერი სამყაროს არსებობა, ერთი ღმერთის სამპიროვნება, სიტყუა ღმერთის ხორციელქმნა, განკაცება. ცხადია, რომ ამდაგვარი მიუწვდომელი ჭეშმარიტებანი მხოლოდ ღმერთის მიერ შეიძლებოდა გამოცხადებული ყოფილიყო ადამიანისათვის, და ამიტომაც სავსებით მართებულია თქმა იმისა, რომ წმიდა წერილის შინაარსის ამაღლებულობა მოწმობს მის ღვთაებრივ წარმომავლობას. იგივე დასტურდება, როგორც ვთქვით, მისი შინაარსის სიწმიდითაც. ყველა საღმრთო წიგნი დაწერილია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას, განსხვავებული წოდების, ხასიათის, განათლებისა და საზოგადოებრივი მდგომარეობის ადამიანთა მიერ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველა ისინი სავსებით თანახმიერნი არიან ერთურთისა; არც ერთი მათგანი არაფრით არ ეწინააღმდეგება სხვას, ყოველ მათგანში გადმოცემულია ერთნაირად წმიდა და ამაღლებული ჭეშმარიტებანი, და მათში ნატამალიც კი არ არის შეცთომილებისა თუ სიცრუისა. ხოლო თუკი წმიდა წერილი შექმნილია ღმერთის შთაგონებით და თავისთავში ღმერთის სიტყვას შეიცავს, მაშინ ჩვენ ვალდებულნი ვართ რაც შეიძლება ხშირად ვკითხულობდეთ და შევისწავლიდეთ მას, რადგანაც უამისოდ ჩვენ არ გვექნება აუცილებელი ცოდნა ღმერთისა და ყოველივე იმის შესახებ, რაც მისი სათნო-ყოფისათვის მოგვეთხოვება; კვალად, მოვალენი ვართ მისი წაკითხვის წინ ვევედროთ ღმერთს, რომ გარდამოგვივლინოს სულიწმიდის მადლი, რომელიც განგვინათლებს გონებას და მოგვანიჭებს საღმრთო წერილის გაგების, გულისხმის-ყოფის უნარს; ასევე, ჩვენ მოვალენი ვართ ვკითხულობდეთ და ვისმენდეთ საღმრთო წერილს გულწრფელი სურვილით იმისა, რომ ჯეროვანი დამოძღვრა მივიღოთ მისგან მასზედ, თუ როგორ სათნო-ვეყოთ ღმერთს, და ძალაც შევიძინოთ კეთილმსახური და ღმერთისათვის საამო ცხოვრებისა. და ბოლოს, უნდა გვახსოვდეს, რომ საღმრთო წერილის კითხვისას ყოველ ადამიანს როდი აქვს უფლება თავისებურად გაიგოს და განმარტოს იგი, რადგან საღმრთო წერილი მრავალ ისეთ ზეაღმატებულ და ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელ ჭეშმარიტებას შეიცავს, რომელთა მიღება, აღიარება და წვდომა შესაძლებელია მხოლოდ რწმენით, წმიდა მამათა და წმიდა ეკლესიის ხელმძღვანელობით.

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე