ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იაკობ მოციქულის ეპისტოლე

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

და თქვენც, მდიდარნო, იტირეთ და ივაგლახეთ თქვენს თავს მოწევნადი უბედობისთვის.

1

აწ უკუე თქუენცა, მდიდარნო, ტიროდეთ და გოდებდით უბადრუკებათა მათთჳს თქუენ ზედა მომავალთა.

2 სიმდიდრე თქვენი დალპა და მღილმა შეჭამა თქვენი სამოსი. 2 სიმდიდრე თქუენი დალპოლვილ არს, სამოსელი თქუენი მღილთა დაუჭამიეს.
3 ოქრო-ვერცხლი თქვენი დაიჟანგა, მათი ჟანგი სამოწმებლად იქნება თქვენს წინააღმდეგ და შეჭამს თქვენს ხორცს, როგორც ცეცხლი; უკანასკნელ დღეთათვის დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე. 3 ოქროჲ თქუენი და ვეცხლი თქუენი დაგესლებულ არს და გესლი იგი მათი საწამებელად თქუენდა იყოს და შესჭამდეს ჴორცთა თქუენდა ვითარცა ცეცხლი. დაიუნჯეთ დღეთა მათ უკუანაჲსკნელთა.
4 აჰა, ღაღადებს საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანის მომკელთ, და მომკელთა ღაღადისი უფალ საბაოთის ყურამდე აღწევს. 4 აჰა ესერა, სასყიდელი მოქმედთთაჲ მათ, რომელთა განლეწეს ყანაჲ თქუენი, დაკლებული იგი თქუენგან ღაღადებს და ღაღადებაჲ იგი მომკალთაჲ მათ ყურთა უფლისა საბაოთისათა მიიწევის.
5 ხარობდით ამ ქვეყნად და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისათვის დაასუქეთ თქვენი გულები. 5 იშუებდით ქუეყანასა ზედა და განსცხრებოდეთ. განჰზარდენით ჴორცნი თქუენნი ვითარცა დღედ დაკლვისა.
6 მსჯავრი დასდეთ და მოკალით მართალი, ის კი წინაც არ აღგდგომიათ. 6 დასაჯეთ და მოჰკალთ მართალი იგი და არა წინა-აღგიდგა თქუენ.
7 მაშ, მრავლისმთმენნი იყავით, ძმანო, უფლის მოსვლამდე. აჰა, გლეხკაცი ელის მიწის სანუკვარ ნაყოფს; მოთმინებით ელის როდის ეღირსება წვიმას, ნაადრევს თუ ნაგვიანევს. 7 სულ-გრძელ უკუე იქმნენით, ძმანო, ვიდრე მოსლვადმდე უფლისა. აჰა ესერა მუშაკი მოელის პატიოსანსა ნაყოფსა ქუეყანისასა და სულ-გრძელ არს მას ზედა, ვიდრემდის მოიღოს წჳმაჲ მსთუაჲ და მცხუედი.
8 თქვენც მრავლისმთმენნი იყავით და გაიმაგრეთ გული, რადგანაც მოახლოვდა მოსვლა უფლისა. 8 სულ-გრძელ იქმნენით თქუენცა, განიმტკიცენით გულნი თქუენნი, რამეთუ მოსლვაჲ უფლისაჲ მოახლოებულ არს.
9 ნუ დრტვინავთ, ძმანო, ერთურთის მიმართ, რათა არ განისაჯოთ; აჰა, მსაჯული კართანა დგას. 9 ნუ სულთ-ითქუამთ, ძმანო, ურთიერთას, რაჲთა არა განიკითხნეთ. აჰა ესერა, განმკითხველი წინაშე კართა დგას.
10 ჭირთათმენისა და სულგრძელობის ნიმუშად გყავდეთ, ძმანო ჩემნო, წინასწარმეტყველნი, რომელნიც ლაპარაკობდნენ უფლის სახელით. 10 სახედ გაქუნდინ, ძმანო ჩემნო, ძჳრის ხილვისა და სულგრძელებისა წინაწარმეტყუელნი, რომელნი იტყოდეს სახელითა უფლისაჲთა.
11

აჰა, ჩვენ შევნატრით ჭირთამთმენთ; ხოლო გსმენიათ იობის მოთმინება და გიხილავთ უფლის აღსასრული, რადგან ის მრავალმოწყალეა და მლმობელი.

11 აჰა ესერა, ვჰნატრით მოთმინეთა მათ. მოთმინებაჲ იობისი გასმიეს და აღსასრული უფლისაჲ იხილეთ, რამეთუ მრავალ-მოწყალე არს და შემწყნარებელ.
12 უწინარეს ყოვლისა კი, ძმანო ჩემნო, ნუ იფიცავთ ნურც ცას, ნურც მიწას და ნურც რაიმე სხვა ფიცს, არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო, და: არა, არა, რათა არ ჩაცვივდეთ განსაკითხველში. 12

ყოვლისა წინა, ძმანო ჩემნო, ნუ ჰფუცავთ ნუცა ცასა, ნუცა ქუეყანასა, ნუცა სხუასა რომელსა ფიცსა, არამედ იყავნ თქუენი ჰეჲ ჰე და არაჲ არა, რაჲთა არა ორგულებასა შესცჳვეთ.

13 უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს. ულხინს? ფსალმუნი იგალობოს. 13 შჭირდეს თუ ვისმე თქუენგანსა, ილოცევდინ, მოლხინე თუ ვინმე არს, გალობდინ.
14 ავადაა ვინმე? ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით. 14 უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა.
15 რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება. 15 და ლოცვა მან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას.
16 ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას. 16 აღუარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი-ერთსა, რაჲთა განიკურნნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად.
17 ელია ჩვენნაირი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა, და სამი წლისა და ექვსი თვის მანძილზე წვეთი არ დასცემია მიწას. 17 ელია კაცივე იყო მსგავსი ჩუენი და ლოცვაჲ ილოცა არა წჳმად, და არა წჳმა ქუეყანასა ზედა სამ წელ და ექუს თუე,
18 კვლავ ილოცა და მისცა ცამ წვიმა, და მიწამაც აღმოაცენა თვისი ნაყოფი. 18 და კუალად ილოცა და ცამან მოსცა წჳმაჲ და ქუეყანამან აღმოაცენა ნაყოფი თჳსი.
19 ძმანო, თუ ერთი თქვენგანი გადაუხვევს ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას, 19 ძმანო, უკუეთუ ვინმე თქუენ შორის შესცთეს ჭეშმარიტებისაგან და თუ ვინმე მოაცქიოს იგი,
20 იცოდეს, რომ ცოდვილის მოქცევა მცდარი გზიდან სიკვდილისაგან იხსნის სულს და დაჩრდილავს უთვალავ ცოდვას. 20 უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იჴსნეს სული თჳსი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათაჲ.