ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იაკობ მოციქულის ეპისტოლე

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ძმანო ჩემნო, დაე, თქვენი რწმენისათვის, რომლითაც გწამთ ჩვენი დიდების უფალი იესო ქრისტე, უცხო იყოს მიკერძოება.

1 ძმანო ჩემნო, ნუ თუალთ-ღებით, გაქუნ სარწმუნოებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს დიდებისაჲ.
2 რადგან თუ თქვენს სინაგოგაში შემოვა ოქროსბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსით მოსილი კაცი, და შემოვა გლახაკიც ჭუჭყიანი სამოსით, 2 რამეთუ, უკუეთუ შევიდეს შესაკრებელსა თქუენსა კაცი ოქროჲსა ბეჭდითა და სამოსლითა ბრწყინვალითა, და შევიდეს გლახაკიცა სამოსელითა შეურაცხითა.
3 შეხედავთ ბრწყინვალე სამოსით მოსილს და ეტყვით: აქ დაბრძანდითო, გლახაკს კი - მანდ დადექი, ანდა: ჩემს ფერხთით დათქიო, 3 და მიჰხედოთ მას, რომელსა-იგი ემოსოს სამოსელი ბრწყინვალე, და ჰრქუათ მას: შენ დაჯედ აქა კეთილად, და გლახაკსა მას ჰრქუათ: შენ დეგ იქი, ანუ დაჯედ აქა ქუეშე ფერჴთა ჩუენთა
4 განა თქვენშივე არ განიკითხავთ მათ და უკეთური ზრახვით განმკითხველი მსაჯულნი არა ხართ? 4 და არა განიკითხენით თავთა შორის თქუენთა და იქმენით მსაჯულ გულის სიტყჳთა ბოროტითა?
5 ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმანო: განა ამ ქვეყნის გლახაკნი არ აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად და სასუფევლის მკვიდრებად, რომელიც აღუთქვა თავის მოყვარეთ? 5 ისმინეთ, ძმანო ჩემნო საყუარელნო: ანუ არა გლახაკნი სოფლისანი გამოირჩინაა ღმერთმან, მდიდარნი სარწმუნოებითა და მკჳდრნი სასუფეველისანი, რომელ-იგი აღუთქუა მოყუარეთა თჳსთა?
6 თქვენ კი შეურაცხყავით გლახაკი. განა მდიდარნი არ გმძლავრობენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში? 6 ხოლო თქუენ შეურაცხ-ჰყავთ გლახაკი. ანუ არა მდიდარნი გმძლავრობენა თქუენ, და იგინივე მიგიზიდვენ თქუენ სამსჯავროდ?
7 განა ისინი არა ჰგმობენ იმ კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით? 7 არა იგინი ჰგმობენა კეთილსა მას სახელსა, რომელი წოდებულ არს თქუენ ზედა?
8 თუ წერილის მიხედვით ასრულებთ სამეფო რჯულს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“, კარგს შვრებით. 8 უკუეთუ სჯულსა აღსრულებთ სამეუფოსა, მსგავსად წერილისა: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი, კეთილად ჰყოფთ.
9 მაგრამ თუ გარეგნობის მიხედვით ასხვავებთ ხალხს, ცოდვას სჩადიხართ და მხილებულნი იქნებით რჯულის მიერ, როგორც დამრღვევნი. 9 ხოლო უკუეთუ თუალთ-ღებით, ცოდვასა იქმთ და იმხილებით სჯულისაგან, ვითარცა გარდამავალნი სჯულისანი.
10 რადგან ვინც იცავს მთელ რჯულს და მხოლოდ ერთში სცოდავს, ყველაფერში შემცოდეა, 10 რამეთუ რომელმან ყოველი სჯული დაიმარხოს და სცთეს ერთითა, იქმნა იგი ყოვლისავე თანამდებ.
11 რაკი ვინცა თქვა, არ იმრუშოო, ისიცა თქვა: არა კაც ჰკლა. ამიტომ, თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, მაინც რჯულის დამრღვევი ხარ. 11 რამეთუ რომელმან-იგი თქუა: ნუ იმრუშებ, მანვე თქუა: ნუ კაც-ჰკლავ, ხოლო უკუეთუ იმრუშო არა და კაც-ჰკლა, იქმენ გარდამავალ სჯულისა.
12 მაშ, ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსასჯელნი. 12 ესრეთ იტყოდეთ და ესრეთ ჰყოფდით, ვითარცა სჯულისაგან აზნაურებისა განსჯადნი.
13 რადგანაც მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება; მოწყალება მსჯავრზე უმძლავრესია. 13 რამეთუ სასჯელი უწყალო არს მათთჳს, რომელთა არა ყონ წყალობაჲ; იქადოდეთ წყალობასა სასჯელისასა.
14

რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამ არა აქვს საქმე? შესძლებს კია ეს რწმენა, რომ იხსნას იგი?

14 რაჲ სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუას: სარწმუნოებაჲ მაქუს, და საქმენი არა ჰქონდინ? ნუ ძალ-უც-მეა სარწმუნოებასა ხოლო ცხოვნებად მისა?
15 თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია, 15 რამეთუ უკუეთუ ძმაჲ გინა დაჲ შიშველ იყვნენ და ნაკლულევან მდღევრისა საზრდელისა
16 ხოლო რომელიმე თქვენგანი ეტყვის: მშვიდობით იარე, გათბი და გაძეხი, მაგრამ იმას კა არ მისცემს, რაც ხორცს სჭირდება, რას გამოელის? 16 და ჰრქუას ვინმე თქუენგანმან: წარვედით მშჳდობით, განძეღით და განტეფით, და არა სცეთ მათ საჴმარი ჴორცითაჲ, რაჲ სარგებელ არს?
17 ასევე რწმენაც, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია. 17 ეგრეთცა სარწმუნოებაჲ, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო.
18 მაგრამ მავანი იტყვის: „შენა გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმე“. მიჩვენე შენი რწმენა საქმის გარეშე და მე ჩემს საქმეთაგან გიჩვენებ ჩემს რწმენას. 18 არამედ თქუას თუ ვინმე: შენ სარწმუნოებაჲ გაქუს და მე საქმენი მქონან, მიჩუენე მე სარწმუნოებაჲ შენი საქმეთაგან შენთა, და მე გიჩუნო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოებაჲ ჩემი.
19 შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კეთილი და პატიოსანი. ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც. 19 შენ გრწამს, ვითარმედ ერთ არს ღმერთი, კეთილად იქმ, და ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან.
20 შენ კი, ამაო კაცო, გნებავს იცოდე, რომ საქმის გარეშე რწმენა მკვდარია? 20 გნებავსა ცნობად, ჵ კაცო ამაოო, რამეთუ სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს?
21 განა საქმით არ გამართლდა მამაჩვენი აბრაამი, როცა თავის ძეს ისააკს მსხვერპლად სწირავდა? 21 აბრაჰამ, მამაჲ ჩუენი, არა საქმეთაგან განმართლდაა, რამეთუ შეწირა ისაკი, ძე თჳსი, საკურთხეველსა ზედა?
22 ხომ ხედავ, რომ რწმენა შეეწია მის საქმეს, საქმემ კი სრულყო რწმენა. 22 ჰხედავა, რამეთუ სარწმუნოებაჲ შეეწია საქმეთა მისთა და საქმეთაგან სარწმუნოებაჲ იგი სრულ იქმნა?
23 და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „ერწმუნა აბრაამი ღმერთს, რაც სიმართლედ შეერაცხა“ და ღვთის მეგობრად იწოდა იგი. 23 და აღესრულა წერილი იგი, რომელი იტყჳს: ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი, და შეერაცხა მას სიმართლედ, და მეგობარ ღმრთისა იწოდა.
24 როგორც ხედავთ, კაცი საქმით მართლდება და არა მხოლოდ რწმენით. 24 ჰხედავთა, რამეთუ საქმეთაგან განმართლდების კაცი და არა სარწმუნოებისაგან ხოლო?
25 განა საქმითვე არ გამართლდა მეძავი რახაბიც, როცა მიიღო მსტოვარი და სხვა გზით წარავლინა შინ? 25 ეგრეთვე რააბცა, მეძავი, არა საქმეთაგან განმართლდაა, რამეთუ შეიწყნარნა მსტოვარნი იგი და სხჳთ გზით წარავლინნა?
26 ვინაიდან როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე. 26 რამეთუ ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს.