ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 9

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, ლაბანის სიკვდილზე, დავითის ფსალმუნი.

1

დასასრულსა, საიდუმლოთათჳს ძისათა, ფსალმუნი დავითისი

2 გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს სასწაულებს. 2 აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი,
3 ვიმხიარულებ და ვილხენ შენით, ვუმღერებ შენს სახელს, უზენაესო. 3 ვიხარებდე და ვიშუებდე შენდამი და უგალობდე სახელსა შენსა, მაღალო.
4 ოდეს მიიქცევიან ჩემი მტრები უკან, მარცხს განიცდიან და დაიღუპებიან შენს წინაშე. 4 რაჟამს უკუნიქცეს მტერი ჩემი მართლუკუნ, მოუძლურდენ და წარწყმდენ პირისაგან შენისა.
5 რადგან შენ გაარჩიე ჩემი დავა და სამართალი; დაბრძანდი ტახტზე, სიმართლის მსაჯულო. 5 რამეთუ ჰყავ სამართალი ჩემი და მშჯავრი ჩემი, დაშჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო.
6 განრისხდი ერებზე, მოსპე ბოროტი, მათი სახელი ამოშალე უკუნითი უკუნისამდე. 6 შეჰრისხენ შენ წარმართთა და წარწყმდა უღმრთოჲ; სახელები მათი აჰჴოცე უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
7 მტერი გაქრა, გაპარტახდა სამუდამოდ და შენ დაანგრიე ქალაქები, მათთან ერთად მოისპო მათი ხსენება. 7 მტერსა მახჳლნი მოაკლდეს სრულიად და ქალაქნი აღაოჴრენ; წარწყმდა საჴსენებელი მათი ღაღადებით;
8 ხოლო უფალი იარსებებს უკუნისამდე. მან მოამზდა სამართლისთვის თავისი ტახტი. 8 და უფალი ჰგიეს უკუნისამდე; განჰმზადა სამართალსა ზედა საყდარი თჳსი.
9 და ის სიმართლით განსჯის მსოფლიოს, გაასამართლებს ხალხებს სისწორით. 9 და თავადმან განსაჯოს სოფელი სიმართლით და განიკითხნეს ერნი სიწრფოებით.
10 უფალი იქნება ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს. 10 ვყო უფალი შესავედრებელ დავრდომილსა, მწე კეთილ ჟამსა ჭირისასა.
11 შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ მიატოვებ, უფალო, შენს მაძიებლებს. 11 და გესვიდენ შენ ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი შენნი, უფალო.
12 უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრს, აუწყეთ მისი საქმენი ერებს. 12 უგალობდეთ უფალსა, რომვლი დამკჳდრებულ არს სიონს, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი.
13 რადგან იძიებს მათ სისხლს, გაიხსენებს მათ, არ დაივიწყებს ტვირთმძიმეთა გოდებას. 13 რამეთუ რომელი გამოეძიებს სისხლთა მათთა, მოიჴსენა და არა დაივიწყა ღაღადებაჲ დავრდომილთა.
14 შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან. 14

მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან,

15 რათა განვაცხადო ყოველი შენი ქება კარიბჭეში სიონის ასულისა, ვილხინო შენმიერი შველით. 15 რომელმან აღმამაღლა მე ბჭეთაგან სიკუდილისათა, რათა მიუთხრა მე ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა;
16

ჩაცვივდნენ ერები თავიანთ ამოთხრილ ორმოში, მათ გამზადებულ ბადეში გაება მათი ფეხი.

16 ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა. დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელცა ქმნეს; მახითა ამით, რომელ დაარწყუეს, შეიპყრა ფერჴი მათი.
17 ცნობილია უფალი, სამართლის მოქმედი. ბოროტი გაება თავისი ხელით დაგებულ მახეში. სელა. 17 განცხადებულ არს უფალი ყოფად სასჯელისა, საქმითა ჴელითა თჳსთაჲთა შეიპყრა ცოდვილი.
18 დაუბრუნდებიან ბოროტნი ჯოჯოხეთს, ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი. 18 მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს და ყოველნი წარმართნი, რომელთა დაჰვიწყებიეს ღმრთისაჲ.
19 სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, სამარადისოდ დაკარგული - უპოვართა იმედი. 19 რამეთუ არა სრულიად დაივიწყოს გლახაკი და თმენა დავრდომილთა არა წარწყმდეს სრულიად.
20 აღსდექ, უფალო, ნუ იმძლავრებს კაცი; დაე, გასამართლდნენ ერები შენს წინაშე. 20 აღდეგ, უფალო, ნუ ძლიერობნ კაცი, ისაჯნედ წარმართნი შენ წინაშე.
21 უფალო, შიშის ზარი დაეცი მათ; დაე, შეიტყონ ერებმა, რომ კაცუნები არიან ისინი. სელა. 21 დაადგინე, უფალო, სჯულისმდებელ მათ ზედა; გულისჴმა-ყვედ წარმართთა, რამეთუ კაცნი არიან.
       
22 რატომ დგახარ, უფალო, შორს? თვალს მარიდებ გაჭირვების ჟამს. 22

რადმე, უფალო, დასდეგ შორს და უგულებელს-მყოფ ჩუენ ჟამთა ოდენ ჭირისასა?

23 ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს. 23 ამპარტავანებასა უღმრთოთასა შეიწვინ გლახაკი; შეპყრობილ იყვნენ იგინი ზრახვათა მათთგან, რომელთაცა ზრახვენ.
24 რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს. 24 რამეთუ იქებინ თავით თჳსით ცოდვილი გულისთქუმათა შინა სულისა თჳსისათა და უღმრთოჲ იკურთხევინ.
25 ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი. 25 განარისხა ცოდვილმან უფალი, მრავლითა გულისწყრომითა მისითა არა გამოიძიოს;
26 გამარჯვებულია მისი გზა ყოველჟამს; მიუწვდომელია მისდამი შენი სამართალი, თავის მტრებს სულის შებერვით ამარცხებს. 26 არა არს ღმერთი წინაშე მისსა. ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსავე ჟამსა, მიღებულ არიან სამართალნი შენნი პირისაგან მისისა და ყოველთა მტერთა მისთა ზედა იგი ეუფლებინ.
27 თავის გულში ამბობს: „არ წავბორძიკდები, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე“. 27 რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: არა შევიძრა მე თესლითი თესლამდე თჳნიერ ძჳრისა.
28 მისი პირი სავსეა წყევლით, თაღლითობით და სიცრუით; მისი ენა სიმრუდე და უკუღმართობაა. 28 წყევითა და სიმწარითა და ზაკვითა სავსე არს პირი მისი, ენასა მისსა ქუეშე არს შრომაჲ და სალმობაჲ.
29 ჩასაფრდება ეზოს უკან, სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს, მისი თვალები საწყლებს უთვალთვალებენ. 29 დაჯდეს იგი მზირად მდიდართა თანა ფარულად მოკლვად უბრალოსა;
30 დაუდარაჯდება საფარში, როგორც ლომი შამბნარში ჩაუსაფრდება საწყალს მოსატაცებლად, მოიტაცებს, ოდეს მოამწყვდევს თავის ბადეში. 30 თუალნი მისნი გლახაკსა ხედვენ; მზირინ ფარულად, ვითარცა ლომი საყოფელსა თჳსსა, მიტაცებად გლახაკისა და მიზიდვად მისა;
31 მოიღუნება, გაწვება და საწყლებს თავის ბრჭყალებში მოაქცევს. 31 მახითა თჳსითა დაამდაბლოს იგი, დამდაბლდეს და დაეცეს, რაჟამს ეუფლებოდის იგი გლახაკსა.
32

თავის გულში ამბობს: „დაივიწყა ღმერთმა, თავის სახე დამალა, რომ არ იხილოს აღარასოდეს“.

32

რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: დაუვიწყებიეს იგი ღმერთსა, გარემიიქცია პირი მისი არახილვად სრულიად.

33 აღსდექ, უფალო ღმერთო, აღმართე ხელი, ნუ დაივიწყებ ჩაგრულებს. 33 აღდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
34 რად უგულებელყო ბოროტმა ღმერთი? გულში იზრახა, რომ არ მოჰკითხავ. 34 რადმე განარისხა უღმრთომან ღმერთი? _ რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: არა გამოიძიოს.
35 უმზერ შენ, ვინაიდან ხედავ წყენასა და შევიწროებას, რათა სამაგიერო გადაუხადო შენი ხელით, შენ განდობს თავის თავს ჩაგრული, შენ იყავ ობლის შემწე. 35 ჰხედავ შენ, რამეთუ სალმობასა და რისხვასა განიცდი, რათამცა მოგეცა შენ იგი ჴელთა შენთა. შენდა დაშთომილ არს გლახაკი; ობოლსა შენ ეყავ მწე.
36 გადაამსხვრიე ბოროტისა და უკეთურის მკლავი, რომ ეძიონ მისი ბოროტება და ვერ იპოვონ. 36 შეჰმუსრე მკლავი ცოდვილისა და უკეთურისა; იძიოს ცოდვაჲ მისი და არა იპოვოს.
37 უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე, განქარდებიან ხალხები მისი ქვეყნიდან. 37 უფალი მეფე არს უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; წარწყმდენ წარმართნი ქუეყანით მისით.
38 უფალო, მოისმინე მორჩილთა ნატვრა; შეამზადე მათი გული, მიაპყარ ყური; 38 ნებაჲ გლახაკთა ისმინე, უფალო; განმზადებასა გულისა მათისასა ერჩდა ყური შენი,
39 გაუსამართლე ობოლს და ჩაგრულს, რომ აღარ დევნონ კაცთაგანი ამ ქვეყანაზე. 39 განკითხვად ობოლისა და გლახაკისა, რათა არა დაჰრთოს კაცმან კუალადცა მდიდრად სიტყუაჲ ქუეყანასა ზედა.