ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მიპასუხა და თქვა: შენ თავად გაზომე დრო და, როცა დაინახავ, რომ ჩავლილია წინასწარმოსწავებულ ნიშანთა ნაწილი, |
||
2 | მაშინ მიხვდები, რომ ეს სწორედ ის ჟამია, როცა მოიკითხავს უზენაესი წუთისოფელს, რომელიც მისგან არის შექმნილი. | ||
3 | როცა გამოჩნდება წუთისოფელში ადგილთა ძვრა და ხალხთა აღრევა, | ||
4 | მაშინ მიხვდები, თუ რატომ ლაპარაკობდა მათზე უზენაესი დღეთა დასაბამიდან, რაც შენამდე იყო. | ||
5 | როგორც ყველაფერს, რაც წუთისოფელშია შექმნილი, დასაბამი აქვს, ასევე დასასრულიც აქვს და დასასრული გამოცხადებულია. | ||
6 | ამგვარად, უზენაესის დრო-ჟამის დასაწყისნი გაცხადებულია სასწაულებითა და სიქველეებით, ხოლო დასასრულნი ქმედებითა და ნიშნებით. | ||
7 | ყველა, ვინც გადარჩება, ვინც შესძლებს თავდახსნას თავისი საქმეებითა და სარწმუნოებით, რომლის ერთგულიც იყო, | ||
8 | თავს დააღწევს წინასწარმოსწავებულ საფრთხეს და იხილავს ხსნას ჩემგნით; ჩემს ქვეყანაში და ჩემს მიწა-წყალზე, რომელიც ნაკურთხი მაქვს უკუნითიდან, | ||
9 | მაშინ შესაბრალისი იქნებიან ისინი, ვინც ახლა არად მიიჩნევენ ჩემს გზებს და სატანჯველში ჩაცვივდებიან, ვინც სიძულვილით გვერდი აუარეს. | ||
10 | თუმცა არ მცნობდნენ, მაგრამ სიცოცხლეში მაინც იღებდნენ წყალობას ჩემგან; | ||
11 | სძულდათ ჩემი რჯული, როცა ჯერ კიდევ ჰქონდათ თავისუფლება. | ||
12 | როცა ჯერ კიდევ ღია იყო მათთვის მონანიების ადგილი, მაინც არ შეიცნეს, არამედ უარყვეს ჩემი რჯული, მაშინ სიკვდილის შემდეგ სატანჯველში მოუხდებათ შემეცნება. | ||
13 | შენ კი მეტად ნუღარ გამოიკითხავ, თუ როგორ იტანჯებიან უკეთურნი, არამედ იკითხე, თუ როგორ და როდის გადარჩებიან მართალნი, რომლებისაც არის წუთისთუელი და რომელთა გულისთვისაც არსებობს წუთისოფელი. | ||
14 | ვუპასუხე და ვთქვი; | ||
15 | ადრე მითქვამს, ახლაც ვამბობ, და კვლავ ვიტყვი: დასაღუპად განწირულნი გადარჩენილებზე ბევრნი არიან, | ||
16 | როგორც ტალღაა მეტი წვეთზე. მიპასუხა და თქვა: | ||
17 |
როგორიც ყანაა, თესლიც ისეთია; როგორიც ყვავილებია, ფერებიც ისეთივეა; როგორიც შემოქმედებაა, შექმნილიც ისეთივეა; როგორიც მიწისმუშაკია, ნახნავ-ნათესიც ისეთივეა. რადგან წუთისოფლის იყო ჟამი. |
||
18 | როცა მე წუთისოფლის გაჩენამდე, სადაც უნდა ეცხოვრათ, ვქმნიდი მათ, ვინც ახლა არიან, არავინ იყო ჩემი წინაღმდგომელი. | ||
19 | მაშინაც და ახლაც იქმნება ყოველი ამ გამზადებულ სამყაროში, სადაც სამკალის ნაკლებობა არ არის და სადაც დაცემულია ზნე რჯულის შესაცნობად. | ||
20 | გამოვიკვლიე წუთისოფელი და, აჰა, საფრთხე დავინახე, რომელიც წუთისოფელში შემოსულმა ფიქრებმა შექმნეს. | ||
21 | დავინახე და ძლიერ შემებრალა იგი, და შემოვინახე ჩემთვის ყურძნის ერთი მარცვალი და ერთი ნერგი მრავალი ტომიდან. | ||
22 | ასე დაიღუპნენ მრავალნი, უაზროდ შობილნი, და დარჩეს ჩემი ყურძენი და ჩემი ნერგი, რადგან დიდი შრომით სრულვყავი. | ||
23 | ხოლო შენ თუ დაჰყოფ კიდევ შვიდ დღეს, ოღონდ არ იმარხულებ, | ||
24 | გახვალ ყვავილოვან ველზე, სადაც სახლი არ დგას, და მხოლოდ ველის ყვავილებით ისაზრდოებ, პირს არ დააკარებ ხორცს და არ დალევ ღვინოს, მხოლოდ ყვავილებს შეჭამ, | ||
25 | განუწყვეტლივ ილოცებ უზენაესისადმი, მაშინ მეც მოგევლინები და დაგიწყებ ლაპარაკს. | ||
26 | გავედი, როგორც მითხრა, ველზე, რომელსაც ეწოდება არდათი, და ჩავჯექი იქ ყვავილებში. მინდვრის ბალახებით ვიკვებებოდი და საკმარისი იყო ჩემთვის ეს საჭმელი. | ||
27 | შვიდი დღის შემდეგ იყო, რომ თივაზე მწოლარეს წინანდებურად გულშეშფოთებულს, | ||
28 | გამეხსნა პირი, დავიწყე ლაპარაკი უზენაესის წინაშე და ვთქვი: | ||
29 | უფალო, ცხადად გამოგვეცხადე ჩვენ-ჩვენს მამა-პაპას უკაცრიელ, უნაყოფო უდაბნოში, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდნენ, და უთხარი: | ||
30 | მისმინე მე, ისრაელ და იაკობის მოდგმავ, ყურად იღე ჩემი სიტყვები. | ||
31 | აჰა, მე ვთესავ თქვენში ჩემს რჯულს, დაე, გამოიღოს თქვენში ნაყოფი და განდიდებულ იყოთ მასში საუკუნოდ. | ||
32 | კი მიიღო ჩვენმა მამა-პაპამ რჯული, მაგრამ არ შეინახა და ჩემი რჯულდებანი არ დაიცვა; მაინც არ დაღუპულა რჯულის ნაყოფი და ვერც დაიღუპებოდა, რადგან შენი იყო. | ||
33 |
დაიღუპნენ რჯულის მიმღებნი და ვერშემნახველნი იმისა, რაც მათში იყო დათესილი. |
||
34 | აჰა, წესია, რომ როცა მიიღებს მიწა თესლს, ანდა ზღვა - ხომალდს, ანდა რაიმე ჭურჭელი - საჭმელს ან სასმელს, და განადგურდება ის, რაშიც დათესილია ან რაშიც ჩაშვებულია რაიმე, | ||
35 | ასევე განადგურდება ყოველი დათესილი ან ჩაშვებული, ან მოთავსებული; არაფერი შეგვრჩება მისგან; მაგრამ ჩვენთვის ასე არ ხდება. | ||
36 | ჩვენ, რჯულის მიმღებნი, მაგრამ ცოდვილნი დავიღუპებით, და დაიღუპება ჩვენი გულიც, რომელმაც რჯული მოითავსა. | ||
37 | მაგრამ რჯული არ იღუპება, არამედ რჩება თავის ძალაში. | ||
38 | როცა ამას ვამბობდი გულში, თვალი ავახილე და დავინახე ქალი მარჯვენა მხარეს, ტიროდა იგი და ხმამაღლა მოთქვამდა, ძლიერ სწუხდა სულით, ტანისამოსი შემოგლეჯილი ჰქონდა და ნაცარი ეყარა თავზე. | ||
39 | მოვეშვი ჩემს საფიქრალს და დავუწყე მას ლაპარაკი, და ვუთხარი: | ||
40 | რატომ სტირი? რა დარდი გაწუხებს-მეთქი? მითხრა: | ||
41 | დამანებე, ბატონო, რომ ვიტირო და დარდს მივცე თავი, რადგან მეტისმეტად გამწარებული მაქვს სული, დამდაბლებული ვარ მეტისმეტად. | ||
42 | ვუთხარი: რა შეგემთხვა? მითხარი-მეთქი. მითხრა: | ||
43 | უშვილო ვარ, შენი მონა-მორჩილი; ქმარი მყავს, მაგრამ, ოცდაათი წელია, ვერ გავაჩინე შვილი. | ||
44 | ყოველ ჟამს და ყოველ დღეს, მთელი ეს ოცდაათი წელი, დღითა და ღამით უზენაესს ვევედრებოდი, | ||
45 | და აჰა, აღსრულდა: ოცდაათი წლის შემდეგ შეიწყნარა ღმერთმა შენი მონა-მორჩილის ვედრება, იხილა ჩემი დამდაბლება, მოხედა ჩემს ტანჯვას და მაჩუქა ვაჟი; დიდად გავიხარეთ ამით მე და ჩემმა ქმარმა და ჩემმა მეზობლებმაც, და დიდ პატივს მივაგებდით ყოვლადძლიერს. | ||
46 | დიდი გაჭირვებით გავზარდე შვილი. | ||
47 | და როცა გაიზარდა იგი და წავიდა ცოლის მოსაყვანად, მეც დავნიშნე ქორწილის დღე. |