ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ვაი შენ, ბაბილონო და აზიავ, ვაი შენ, ეგვიპტევ და სირიავ! |
||
2 | შეიმოსეთ ჯვალო და ფლასი, იტირეთ თქვენი შვილები და იმწუხარეთ, რადგან მოახლოვდა თქვენი აღსასრული. | ||
3 | მოვლენილია თქვენზე მახვილი და ვინ იქნება, რომ აგაცდინოთ იგი? | ||
4 | მოვლენილა თქვენზე ცეცხლი და ვინ იქნება, რომ ჩააქროს იგი? | ||
5 | მოვლენილია თქვენზე უბედურებანი და ვინ იქნება, რომ უკუაქციოს ისინი? | ||
6 | ნუთუ ტყიდან გამოსული მშიერი ლომი უკუაქცევს? ნუთუ ჩააქრობს ბზეში ახლადაბრიალებულ ცეცხლს? | ||
7 | ნუთუ უკუაქცევს ვინმე ისარს, გატყორცნილს ძლიერი მშვილდოსნის მიერ? | ||
8 | ყოველშემძლე უფალი გზავნის უბედურებებს და ვინ იქნება, რომ უკუაქციოს ისინი? | ||
9 | გამოვა ცეცხლი მისი რისხვისაგან და ვინ იქნება, რომ ჩააქროს იგი? | ||
10 | იელვებს და ვის არ შეეშინდება, დასჭექს და ვინ არ შეკრთება? | ||
11 | უფალი დაიმუქრება და ვინ არ შეირყევა ერთიანად მის წინაშე? | ||
12 | იძვრის მიწა და მისი საფუძველნი, ზღვა ღელავს ღურღუმელიდან, ბობოქრობენ მისი ტალღები და მისი თევზები უფლის პირისა და მისი ძალის დიდების წინაშე. | ||
13 | რადგან ძლიერია მისი მარჯვენა, მშვილდის მომზიდველი; წვერმახია მის მიერ გასროლილი ისრები და მიზანს არ სცდება, როცა ისვრის მათ ქვეყნის კიდეებისკენ. | ||
14 | აჰა, მოვლენილია უბედურებანი და არ შეიქცევიან უკან, ვიდრე არ მოაღწევენ დედამიწას. | ||
15 | დანთებულია ცეცხლი და არ ჩაქრება, ვიდრე არ შთანთქავს დედამიწის საფუძვლებს. | ||
16 |
როგორც არ გაბრუნდება უკან ისარი, მაგარი მშვილდოსნის ხელით გატყორცნილი, ასევე არ უკუიქცევა დედამიწაზე მოვლენილი უბედურებები. |
||
17 | ვაი მე, ვაი მე, ვინ მიხსნის იმ დღეებში? | ||
18 | ტანჯვათა დასაბამი და მრავალი გოდება, შიმშილის დასაბამი და მრავალთა დაღუპვა! ომების დასაბამი და მძლეთა შეშინება, უბედურებათა დასაბამი და ყველას თავზარდაცემა! | ||
19 | მე რა ვქნა მაშინ, უბედურებები რომ მოგვადგება? | ||
20 | აჰა, შიმშილი და ჭირი, ტანჯვა და წვალება, მოვლენილია როგორც შოლტები ადამიანთა მოსარჯულებლად. | ||
21 | და მაინც არ მოიქცევიან უკეთურებათაგან და არც მუდამ ეხსომებათ შოლტები. | ||
22 | აჰა, იქნება ყოველწლიური სიიაფე დედამიწაზე, ეგონებათ, ჭეშმარიტი მშვიდობა დადგაო, მაგრამ სწორედ მაშინ წარმოიშობა დედამიწაზე უბედურება, მახვილი, შიმშილი და დიდი აღრეულობა. | ||
23 | შიმშილით გაწყდება დედამიწის მკვიდრთა უმრავლესობა და მახვილი მოსპობს დანარჩენთ, ვინც გადაურჩება შიმშილს. | ||
24 | ნეხვივით დახვავდება გვამები და არვინ იქნება მათი დამტირებელი, რადგან გაუკაცრიელდება დედამიწა და მისი ქალაქები დაემხობა. | ||
25 | აღარავინ დარჩება, რომ მოხნას მიწა და დათესოს თესლი. | ||
26 | ხე მოისხამს ნაყოფს, მაგრამ ვინ იქნება მისი მკრეფელი? | ||
27 | ყურძენი დამწიფდება, მაგრამ ვინ იქნება მისი დამწურავი? რადგან დიდ უდაბნოდ გადაიქცევა სანახები. | ||
28 | კაცს მოენატრება კაცის ხილვა ან მისი ხმის გაგონება, | ||
29 | რადგან შემორჩება ქალაქიდან ათიოდე და სოფლებიდან ორიოდე კაცი, ვინც შეაფარებს თავს უღრანებს და კლდეთა ნაპრალებს. | ||
30 | როგორც ზეთისხილის ბაღში აქა-იქ ხეებს შერჩება სამი თუ ოთხი ნაყოფი, | ||
31 |
ან როგორც გაკრეფილ ვენახში იპოვის თითოოროლა მტევანს ბეჯითი მძებნელი, |
||
32 | ასე გადაურჩება იმ დღეებში სამი ან ოთხი სახლი იმათ, ვინც მახვილით ხელში მათ გასაჩხრეკად წამოვა, | ||
33 | და დარჩება უდაბური მიწა, გაყამირდება მისი ყანები და მის გზებზე და ბილიკებზე ნარ-ეკალი ამოვა, რომ ადამიანმა ვერ გაიაროს. | ||
34 | ატირდებიან უქორწინებელი ქალწულნი, ატირდებიან უქმროდ დარჩენილი ქალები, ატირდებიან უმწეოდ დარჩენილი მათი ასულები. | ||
35 | საქმროები ომში დაეხოცებათ და ქმრები შიმშილით გაუწყდებათ. | ||
36 | მაშ, ისმინეთ ეს და შეიგნეთ, უფლის მორჩილნო. | ||
37 | აჰა, უფლის სიტყვა, მიიღეთ იგი; ნუ გჯერათ ღმერთებისა, რომლებზედაც გელაპარაკათ უფალი. | ||
38 | აჰა, ახლოვდება უბედურება, არ დაყოვნდება, | ||
39 | როგორც ფეხმძიმეს, მეცხრე თვეში მყოფს, მოუწევს მშობიარობის ჟამი და ორი ან სამი საათით ადრე ტკივილები დაუვლის მუცელში, ერთი წუთითაც არ დააყოვნებს ბავშვის გამოსვლა საშოდან, | ||
40 | ასევე არ დაიგვიანებს უბედურებები მოვლინებას დედამიწაზე; კვნესა აღმოხდება წუთისოფელს და ტკივილები მოიცავს მას. | ||
41 | გაიგონე სიტყვა, ჩემო ხალხო, გაემზადეთ ბრძოლისათვის და ისე იყავით გასაჭირში, როგორც მოსულნი უცხო ქვეყანაში. | ||
42 | კაცი ყიდდეს და გასაქცევად ემზადებოდვს; ყიდულობდეს და კარგავდეს; | ||
43 | ვაჭრობდეს და სარგებელს ვერ პოულობდეს; აშენებდეს და ვერ სახლდებოდეს; | ||
44 | თესავდეს და ვერ იმკიდეს; ვაზს სხლავდეს და ვერ ისთვლიდეს; | ||
45 | ქორწინობდეს და შვილებს არ აჩენდეს; ვინც არ ქორწინობდეს, ქვრივივით იყოს. | ||
46 |
ვინც რისთვის იღვწოდეს, ფუჭად იღვწოდეს. |
||
47 | მათ ნაყოფს უცხოტომი მოიმკის და დაიტაცებენ მათ დოვლათს, დაამხობენ მათ სახლებს და მათ შვილებს ტყვედ წაასხამენ; რადგან ეყვეობასა და შიმშილში შობენ თავიანთ ნაშიერთ. | ||
48 | ვინც ძარცვა-გლეჯას ეწევიან, რაც მეტ ხანს შეამკობენ თავიანთ ქალაქებსა და სახლებს, თავიანთ საბადებელს და საკუთარ თავს, | ||
49 | მით უფრო მოვიძულებ მათ მათი ცოდვებისთვის, ამბობს უფალი. | ||
50 | როგორც ბოზსა სძულს ღირსეული და სათნოებით აღსავსე ქალი, | ||
51 | ასე მოიძულებს მართლმსაჯულება უკეთურებას, როცა თავს იმკობს იგი, და პირისპირ დასდებს მას ბრალს, როცა მოვა ის, ვინც დაიცავს ყველა ცოდვის გამომჩხრეკელს დედამიწის ზურგზე. | ||
52 | ამიტომ ნურც მას მიბაძავთ და ნურც მის საქმეებს. | ||
53 | რადგან ცოტაც და, აღიგავება უკეთურება მიწის პირიდან და სამართალი გამეფდება თქვენში. | ||
54 | ვერ იტყვის მაშინ ცოდვილი, არ შემიცოდავსო, რადგან აგიზგიზებულ მუგუზლებს დაწვავს უფალი იმის თავზე, ვინც ამბობს: არ შემიცოდავსო უფალი ღმერთისა და მისი დიდების წინაშე. | ||
55 | აჰა, უფალმა უწყის ადამიანთა ყოველი საქმე, მათი განზრახვები და მათი ფიქრები და მათი გულები. | ||
56 | მან თქვა: იყოს მიწა და იქმნა მიწა; იყოს ცა და იქმნა ცა. | ||
57 | მისი სიტყვით დაფუძნდა ვარსკვლავები და მან უწყის ვარსკვლავთა რიცხვი. | ||
58 | მან გამოიძია ქვესკნელი და მისი საგანძურები, მან გაზომა ზღვა და მისი წიაღი. | ||
59 | მან მოამწყვდია ზღვა წყალთა შუა და წყლებს ზემოთ დაჰკიდა დედამიწა თავისი სიტყვით. | ||
60 | მან კამარასავით გადაფინა ცა, წყლებზე დააფუძნა იგი. | ||
61 |
მან დასხა უდაბნოში წყაროს თვალნი და ტბები მთათა მწვერვალებზე, რათა იდინონ მდინარეებმა მაღალი კლდეებიდან მიწის მოსარწყავად. |
||
62 | მან გამოსახა კაცი და ჩაუდო გული მკერდში და და მოუვლინა მას სული, სიცოცხლე და გონება, | ||
63 | და სუნთქვა ყოვლისშემძლე ღმერთისა; მან შექმნა ყველაფერი და გამოიძია ყოველივე დამალული მიწის სამალავებში. | ||
64 | მან უწყის თქვენი განზრახვები და რასაც გულში ფიქრობთ ცოდვილნი, მსურველნი ცოდვათა დაფარვისა. | ||
65 | ამის გამო გამოწვლილვით გამოიძიებს უფალი ყველა თქვენს საქმეს და ყველას სააშკარაოზე გამოგიყვანთ. | ||
66 | და შერცხვებით, როცა გამოჩნდება თქვენი ცოდვები ადამიანთა წინაშე და ბრალმდებლებად თქვენი უკეთურებანი იმ დღეს. | ||
67 | რას იზამთ? ან როგორ დამალავთ თქვენს ცოდვებს ღვთისა და მისი ანგელოზების წინაშე? | ||
68 | აჰა, მსაჯულია, ღმერთი, გეშინოდეთ მისი. გაერიდეთ თქვენს ცოდვებს და დაივიწყეთ თქვენი უკეთურებებანი, განუწყვეტლივ რომ სჩადიხართ, და ღმერთიც გაგიძღვებათ თქვენ და გიხსნით ყოველი სატანჯველისგან. | ||
69 | აჰა, გიზგიზებს თქვენთვის ურიცხვი ურდოების რისხვა, გაიტაცებენ ვინმეს თქვენგან და გამოგკვებავენ კერპების ნამსხვერპლით. | ||
70 | თუ დაჰყვნენ მათ, მათი სამასხარაო, მათი გასაკიცხი და გასათელი შეიქნებიან. | ||
71 | რადგან გახშირდება სხვადასხვა ადგილებში და მეზობელ ქალაქებში თავდასხმანი უფლისმოშიშთა წინააღმდეგ. | ||
72 | შეშლილებივით იქნებიან და არავის დაინდობენ, ვინც ჯერ კიდევ უფლისმოშიშნი არიან. | ||
73 | გაანადგურებენ და დაიტაცებენ მათ დოვლათს და სახლებიდან გამოყრიან მათ. | ||
74 | მაშინ გამოიცდებიან ჩემი რჩეულები, როგორც ოქრო იცდება ცეცხლით. | ||
75 | ისმინეთ, ჩემო საყვარელნო, ამბობს უფალი, აჰა, მოაწია განსაცდელის დღეებმა და მე დაგიხსნით მათგან. | ||
76 | ნუ გეშინიათ და ნუ მერყეობთ, რადგან ღმერთია თქვენი წინამძღოლი. | ||
77 | თუ დაიცავთ ჩემს ბრძანებებს და მცნებებს, ამბობს უფალი ღმერთი, არ გადაგწონით თქვენი ცოდვები, არ დაგძლევთ თქვენი უკეთურებანი. | ||
78 | ვაი მას, ვინც მოშთობილია თავისი ცოდვებით და დაფარულია თავისი უკეთურებებით, როგორც ღვარძლით მოშთობილი ყანა და ნარ-ეკლით დაფარული ბილიკი, სადაც ადამიანი ვერ გაივლის. გაიხვეტება იგი და ცეცხლს მიეცემა შთასანთქმელად. |