ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
როცა ლომი არწივს ამ სიტყვებს ეუბნებოდა, ვიხილე: |
||
2 | აჰა, თავი რომელიც დარჩენილიყო, გაუჩინარდა; ის ოთხი ფრთა კი, რომლებიც მასთან იყვნენ, აღიმართნენ გასამეფებლად; მაგრამ ხანმოკლე და შფოთით სავსე იყო მათი მეფობა. | ||
3 | ვიხილე: აჰა, თავად ისინიც გაუჩინარდნენ და მთლიანად დაიწვა არწივის ტანი და ძლიერ შეძრწუნდა დედამიწა. ხოლო მე შეშფოთებისა და ძლიერი შიშისაგან გამოვფხიზლდი და მივმართე ჩემს სულს: | ||
4 | აჰა, შენ დამმართე ეს ამბავი, უზენაესის გზებს რომ იკვლევ-მეთქი. | ||
5 | აჰა, ჯერ კიდევ დაღლილი ვარ სულით და დაუძლურებული, ძალის ნატამალიც აღარ შემომრჩა იმ დიდი შიშის გამო, ამ ღამით რომ განვიცადე. | ||
6 | მაშ ახლა შევევედრები უზენაესს, რათა ბოლომდე გამამხნევოს. | ||
7 | ვთქვი: მბრძანებელო უფალო, თუკი მადლი ვპოვე შენს თვალში, თუკი მართლად გამოვჩნდი შენს წინაშე მრავალთა შორის, თუკი ჩემმა ვედრებამ ნამდვილად მოაღწია შენამდე, | ||
8 | გამამხნევე და გამიმჟღავნე მე, შენს მორჩილს, განმარტება და ახსნა ამ საშინელი ხილვისა, რათა საბოლოოდ დამიმშვიდო სული. | ||
9 | ღირს-მყავი, რათა გამიმჟღავნო დრო-ჟამის უკანასკნელი ამბები. მან მითხრა: | ||
10 | ეს არის ამ ხილვის განმარტება: | ||
11 | არწივი, ზღვიდან ამომავალი რომ იხილე, ის სამეფოა, რომელიც დანიელის, შენი ძმის, ხილვაში იყო ნახილვები. | ||
12 | მაგრამ მას არ განემარტა, როგორც შენ განგიმარტავ ახლა. | ||
13 | აჰა, დღეები და დამყარდება დედამიწაზე სამეფო, რომელიც ყველა ადრინდელ სამეფოზე საშინელი იქნება. | ||
14 | გამეფდება მასში თორმეტი მეფე ერთი მეორის მოყოლებით. | ||
15 | მეორე მეფე დაიწყებს მეფობას და ამ თორმეტში ყველაზე მეტხანს ეპყრება ძალაუფლება. | ||
16 | ეს არის განმარტება თორმეტი ფრთისა, რომლებიც იხილე. | ||
17 |
მოლაპარაკე ხმა რომ მოისმინე, არა თავიდან, არამედ ტანის შუადან გამომავალი, |
||
18 | ასეთია ამის განმარტება: მისი მეფობის შემდეგ დიდი ბრძოლები წარმოიშობა და გადაიხრება სამეფო დამხობად, მაგრამ ამჯერად არ დაემხობა იგი, არამედ კვლავ თავის დასაბამს დაუბრუნდება. | ||
19 | მისი ფრთებიდან გამოზრდილი ნაკრტენები რომ იხილე, | ||
20 | ასეთია ამის განმარტება: აღზევდება სამეფოში რვა მეფე, რომელთა ჟამი ხანმოკლე იქნება და წლები - სწრაფმავალი, ორი მათგანი დაიღუპება. | ||
21 | შუა ხანის მოახლოებისთანავე ოთხი მეფე შემორჩება იმ დრომდე, როცა დაიწყებს მოახლოებას მისი ჟამი, რათა დასრულდეს. ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან. | ||
22 | სამი უძრავი თავი რომ იხილე, | ||
23 | ასეთია ამის განმარტება: უკანასკნელ ხანებში აღაზევებს უზენაესი სამ მეფეს და ბევრს შეყრის მათ სამეფოში და გაბატონდებიან დედამიწაზე. | ||
24 | და მის მკვიდრებზე უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი. ამის გამო ეწოდათ მათ არწივის თავები. | ||
25 | ესენი არიან, ვინც დაიუნჯებენ მის ბოროტეხებს და მის უკანასკნელთაც განახორციელებენ. | ||
26 | უფრო დიდი თავი რომ იხილე გაუჩინარებული, ასეთია ამის განმარტება: ერთ-ერთი მათგანი თავის სარეცელზე მოკვდება, თუმცა წამებით. | ||
27 | იმ დანარჩენ ორს კი მახვილი შეჭამს. | ||
28 | ერთის მახვილი მეორეს შეჭამს, თუმცა ისიც მახვილით დაეცემა უკანასკნელ ხანებში. | ||
29 | ორი ნაკრტენი რომ იხილე არწივის მარჯვენა თავზე გადამავალი, | ||
30 | ეს არის ამის განმარტება: ესენი არიან, რომლებიც შემოინახა უზენაესმა მისი დასასრულისთვის; ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო. | ||
31 | ლომი რომ იხილე ტყიდან ბდღვინვით გამოვარდნილი, არწივს რომ ელაპარაკებოდა და ამხილებდა მას უსამართლობაში და სიტყვებისთვის, რაც მოისმინე. | ||
32 | ეს არის ცხებული, რომელიც შემოინახა უზენაესმა ჟამის დასასრულისთვის, რომელიც აღდგება დავითის მოდგმაში და მოვა, რომ ელაპარაკოს მათ; ის გამოააშკარავებს მათ უკეთურებებს და ბოროტებებს, და წინ დაუფენს მათ საზიზღარ საქმეებს. | ||
33 |
ცოცხალთ დააყენებს მათ სამსჯავროში და, როცა ამხელს, გაანადგურებს მათ. |
||
34 | მოწყალებით დაიხსნის ჩემი ხალხის ნატამალს, ვინც ჩემს საზღვრებში გადარჩება და გაახარებს მათ, როცა მოვა დასასრული, განკითხვის დღე, რაზედაც თავდაპირველად გელაპარაკებოდი. | ||
35 | ასეთია სიზმარი, რომელიც იხილე და მისი განმარტებანი. | ||
36 | შენ ერთადერთი იყავი ღირსი, რომ გცოდნოდა უზენაესის ეს საიდუმლო. | ||
37 | წიგნში ჩაწერე ეს ყველაფერი, რაც იხილე, და საიმედო ადგილას შეინახე იგი. | ||
38 | შეასწავლე იგი შენი ხალხის ბრძენებს, ვისაც, შენი გაგებით, მისი შესწავლის და საიდუმლოდ შენახვის უნარი შესწევს. | ||
39 | შენ კი დაჰყავი აქ კიდევ შვიდი დღე, რათა გამოგეცხადოს ხილვა, რაც უზენაესს აქვს შენთვის გამოსაცხადებელი. | ||
40 | და წავიდა იგი ჩემგან. როცა გაიგო მთელმა ხალხმა, რომ გავიდა შვიდი დღე, რაც ქალაქში არ დავბრუნებულვარ, ყველანი დიდიან-პატარიანად შეიყარნენ, მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს: | ||
41 | ისეთი რა შეგცოდეთ, ან ისეთი რა დაგიშავეთ, რომ მიგვატოვე და ამ ადგილას დამჯდარხარ? | ||
42 | შენ ხომ ერთადერთი შეგვრჩი წინასწარმეტყველთაგან, როგორც ვაზს მტევანი რთველის შემდეგ, როგორც სანთელი ბნელში, როგორც ნავსადგური ქარიშხალს გადარჩენილი ხომალდისთვის. | ||
43 | განა არ კმარა უბედურებები, თავს რაც დაგვატყდა? | ||
44 | თუ შენც გვწირავდი, ბარემ გადაბუგულ სიონთან ერთად გადავბუგულიყავით. | ||
45 | განა რითი ვართ იქ დახოცილებზე უკეთესნი? ასე მოთქვამდნენ ხმამაღალი გოდებით. ვუპასუხე და ვუთხარი მათ: | ||
46 | გამხნევდი, ისრაელო, ნუ სწუხხარ, იაკობის სახლო! | ||
47 | არ წარხოცილა შენი ხსოვნა უზენაესის წინაშე და არ დავიწყნიხართ თქვენ ყოვლადძლიერს თქვენს განსაცდელში. | ||
48 | არც მე გამიწირიხართ, არ წავსულვარ თქვენგან; არამედ მოვედი ამ ადგილას, რათა ვილოცო მოოხრებული სიონისათვის და შეწყალება გამოვითხოვო ჩვენი შეურაცხყოფილი საწმიდარისთვის. | ||
49 | ახლა კი ყველანი წადით თქვენ-თქვენ სახლებში. ხოლო მე მოვალ თქვენთან ამ დღეების შემდეგ. | ||
50 | დაბრუნდა ხალხი ქალაქში, როგორც დავარიგე. | ||
51 | მე კი ვივგექი ველზე შვიდი დღე, როგორც ანგელოზმა მიბრძანა, და მხოლოდ მინდვრის მცენარეებით ვიკვებებოდი. ბალახი იყო ჩემი საზრდო იმ დღეებში. |