ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მესამე ეზრა

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ვიხილე სიზმარი: აჰა, ამოდის ზღვიდან არწივი, თორმეტფრთიანი, სამთავიანი. 

   
2 ვიხილე, აჰა, გადაშალა ფრთები მთელ დედამიწაზე, ცის ყველა ქარი ამოვარდა და შეიკრიბა ღრუბლები.    
3 ვიხილე: ფრთებიდან გამოიზარდა კიდევ სხვა ფრთები, თითოეული მათგანი კი პატარ-პატარა ნაკრტენებისგან შედგებოდა.    
4 მისი თავები უძრავად იყო და შუა თავი დანარჩენ თავებზე დიდი იყო, მაგრამ ისიც უძრავად იყო სხვებთან ერთად.    
5 ვიხილე: აჰა, არწივი დაფრინავდა თავისი ფრთებით და მეფობდა დედამიწაზე და მის მკვიდრებზე.    
6 ვიხილე, რომ ყოველივე მას მორჩილებდა ცისქვეშეთში და არავინ ეურჩებოდა, არცერთი ქმნილება, რაც კი დედამიწაზე არსებობდა.    
7 ვიხილე: აჰა, აღიმართა არწივი თავის კლანჭებზე და დასძახა თავის ფრთებს, უთხრა:    
8 ნუ იფხიზლებთ ყველანი ერთად, თითოეულს თავთავის ადგილზე გეძინოთ და დროგამოშვებით იფხიზლეთ.    
9 ხოლო თავები უკანასკნელი ჟამისთვის იყოს შემონახული.    
10 ვიხილე: აჰა, ხმა არწივის თავებიდან კი არა, მისი ტანის შუიდან გამოდის.    
11 დავითვალე ახლად გამოზრდილი ფრთები და, აჰა, რვა იყო.    
12 ვიხილე: აჰა, მარჯვენა მხრიდან აღიმართა ერთი ფრთა და გამეფდა მთელ დედამიწაზე.    
13 და როცა მეფობდა, დაუდგა მას აღსასრული და აღარ ჩანდა მისი ადგილი; აღიმართა მომდევნო და მეფობდა, და დაჰყო მან მრავალი ხანი.    
14 და როცა მეფობდა, დაუდგა მას აღსასრული, რათა პირველის მსგავსად, ისიც გაუჩინარებულიყო.    
15 და აჰა, ხმა გაისმა მის მიმართ, უთხრა:    
16

ისმინე შენ, ვისაც ამდენი ხანი გეპყრა დედამიწა; ეს გეუწყება, ვიდრე გაუჩინარებას დაიწყებდე:

   
17 შენს მერე არავინ დაიპყრობს შენს ხანს, არც მის ნახევარს.    
18 აღიმართა მესამე და დაიპყრო მთავრობა წინამორბედთა მსგავსად, მაგრამ გაუჩინარდა ისიც.    
19 ასე ერთმანეთის მიყოლებით იპყრობდნენ მთავრობას და კვლავ უჩინარდებოდნენ.    
20 ვიხილე: აჰა, რიგრიგობით აღემართებოდნენ ფრთები მარჯვენა მხრიდან, რომ მათაც დაეპყროთ მთავრობა; იყვნენ მათ შორის, ვინც იპყრობდნენ, მაგრამ უეცრად უჩინარდებოდნენ.    
21 ზოგი მათგანი აღიმართებოდა, მაგრამ ვერ იპყრობდა მთავრობას.    
22 ვიხილე: აჰა, გაუჩინარდა თორმეტი ფრთა და კიდევ ორი მომცრო ფრთა.    
23 აღარაფერი შერჩა არწივის ტანს, ორი უძრავი თავისა და ექვსი მომცრო ფრთის გარდა.    
24 ვიხილე: აჰა, ექვსი მომცრო ფრთა ორად გაიყო და დარჩა თავს ქვემოთ, მარჯვენა მხარეს; ხოლო ოთხი თავის ადგილზე დარჩა.    
25 ვიხილე; აჰა, ნაკრტენებმაც განიზრახეს, აღმართულიყვნენ და დაეპყროთ მთავრობა.    
26 ვიხილე: აჰა, აღიმართა ერთი, მაგრამ უცებ გაუჩინარდა.    
27 მომდევნონიც აღიმართნენ, მაგრამ წინამორბედებზე უსწრაფესად გაუჩინარდნენ.    
28 ვიხილე: აჰა, ორნი, რომლებიც აღზევდნენ, ერთმანეთს შორის იზრახავდნენ, რომ ერთად ემეფათ.    
29 ამას რომ განიზრახავდნენ, აჰა, გამოფხიზლდა ერთ-ერთი უძრავ თავთაგანი, შუათანა; დანარჩენ ორზე დიდი იყო ეს თავი.    
30 ვიხილე, რომ შეიერთა მან ის ორი თავი.    
31

აკა, მოუბრუნდა ეს თავი მასთან მყოფ ორი თავითურთ და შთანთქა ორი ნაკრტენი, გამეფებას რომ აპირებდნენ.

   
32 ამ თავმა დიდად დააშინა მთელი დედამიწა; ძალით დაიმორჩილა დედამიწის მკვიდრნი და უფრო ძლიერად ეპყრა სამყაროს ძალაუფლება, ვიდრე ყველა ადრინდელ ფრთას.    
33 ვიხილე ამის შემდეგ და, აჰა, შუა თავი, ფრთების მსგავსად, უეცრად გაუჩინარდა.    
34 დარჩა ორი თავი, რომლებიც ასევე მეფობდნენ დედამიწაზე და მის მკვიდრებზე.    
35 ვიხილე: აჰა, შთანთქა მარჯვენა თავმა მარცხენა თავი.    
36 გავიგონე ხმა, რომელიც მეუბნებოდა: გაიხედე შენ წინ და გაიაზრე, რასაც ხედავ.    
37 ვიხილე: რაღაც ლომის მსგავსი ბრდღვინვით გამოქანდა ტყიდან; ვიხილე, რომ ადამიანის ხმით მიმართა არწივს, უთხრა:    
38 ისმინე, რასაც გეტყვი, რასაც გეუბნება უზენაესი:    
39 შენ არა ხარ ერთ-ერთი იმ ოთხ ცხოველთაგან, რომლებიც შევქმენი, რომ ემეფათ ჩემს წუთისოფელში და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოსულიყო ჟამის აღსასრული?    
40 მეოთხემ, რომელიც მოვიდა, გაიმარჯვა ყველა იმ ცხოველზე, რომლებმაც უკვე ჩაიარეს, და დიდ შიშში ჰყავდა წუთისოფელი. მძლავრობდა მთელ ქვეყნიერებაზე; სიცრუით მკვიდრობდა ამდენი ხანი დედამიწის ზურგზე.    
41 შენ მსჯავრი დასდე დედამიწას, მაგრამ არა ჭეშმარიტებით.    
42 შეავიწროვე უწყინარნი და შეურაცხყავი მშვიდნი, შეიყვარე მზაკვარნი, გაანადგურე იმათი სამკვიდრებელი, რომელთაც ნაყოფი მოჰქონდათ, დააქციე იმათი კედლები, რომელთაც შენთვის არაფერი დაუშავებიათ.    
43 უზენაესამდე აღზევდა შენი კადნიერება და ყოვლადძლიერამდე - შენი ამპარტავნება.    
44 გადმოხედა უზენაესმა ამპარტავან დროებას, და აჰა, დასრულდა იგი და მისი ბოროტებანიც დასრულებულია.    
45 ამიტომ გაუჩინარდები, შენ, არწივო, შემზარავ ფრთებთან ერთად, შენს უკეთურ ნაკრტენებთან ერთად, შენს ბოროტეულ თავთან ერთად, შენს უკეთურ ბრჭყალებთან ერთად, მთელ შენს ფუტურო ტანთან ერთად,    
46 რათა გაცინცხალდეს მთელი დედამიწა და შენი მძლავრობისგან გათავისუფლებული სასოებდეს თავისი შემოქმედის სამართალსა და მოწყალებას.