ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მესამე ეზრა

თავი მეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

თავის სანთიობოში რომ შევიდა ჩემი შვილი, დაეცა და მოკვდა.

   
2 გადმოვამხეთ ყველამ ლამპრები და ჩემი მეზობლები, ყველანი მოვიდნენ ჩემს სანუგეშებლად. და მეც მშვიდად ვიყავი მეორე დღის საღამომდე.    
3 როცა ყველანი დამშვიდდნენ ჩემი ნუგეშისმცემლები, მე რომ მამშვიდებდნენ, ავდექი ღამით და გავიქეცი, და მოვედი, როგორც ხედავ, ამ ველზე.    
4 გადავწყვიტე აღარ დავბრუნდე ქალაქში, არამედ აქ დავრჩე, არ ვჭამო, არც ვსვა, არამედ განუწყვეგლივ ვიტირო და ვიმარხულო სიკვდილამდე.    
5 მოვეშვი ჩემს საფიქრალს და გაბრაზებულმა ვუპასუხე, ვუთხარი:    
6 ყველა დედაკაცზე უბრიყვესო! ნუთუ ვერ ხედავ ჩვენს დარდს და რაც ჩვენ შეგვემთხვა?    
7 რადგან სიონი, ჩვენი დედა, დარდით არის შეწუხებული, ყოველმხრივ დამცირებულია და მწარედ მოთქვამს.    
8 რადგან ახლა ჩვენ ყველანი მოვთქვამთ და დამწუხრებულნი ვართ, რადგან ყველანი მწუხარენი ვართ, შენ კი მხოლოდ შენ შვილზე მწუხარებ?    
9 შეეკითხე მიწას და გეტყვის, რომ მას მართებს გლოვა მის ამდენ ნაშიერზე, რომლებიც მის მკერდზე არიან დაცემულნი.    
10 მისგან არიან ყველანი შობილნი დასაბამიდან და სხვანიც მოდიან; და, აჰა, თითქმის ყველანი დასაღუპად მიდიან და გასაწყვეტად არის განწირული მათი სიმრავლე.    
11 მაშ, ვის უფრო მართებს მოთქმა, თუ არა მას, ვინც ესოდენი სიმრავლე დაკარგა, შენ კი ერთის დარდი გაქვს. თუ მეტყვი:    
12 არა ჰგავს ჩემი სატირალი დედამიწის სატირალს, მე ხომ ჩემი მუცლის ნაყოფი დავკარგე, რომელიც ვაებით ვშვი და ტანჯვით გავაჩინეო,    
13 მაგრამ მიწას მიწის წესი აქვს: ჩავლენ მასში მრავალნი, მაგრამ ახალნი ხომ მოდიანო, მე გეტყვი:    
14 როგორც შენ ბადებ ტანჯვით, ასევე აძლევს მიწა თავის ნაყოფს დასაბამიდან ადამიანს, რომელიც ამუშავებს მას.    
15 მაშ, ჩაიკალ შენში დარდი, მტკიცედ დაითმინე უბედურება, რომელიც შეგემთხვა.    
16

რადგან თუ მართლად აღიარებ ღვთის განგებას და დროულად მიიღებ მის რჩევას, განდიდებულ იქნები მსგავსთა შორის.

   
17 მაშ, წადი ქალაქში შენს ქმართან. ხოლო მან მითხრა:    
18 არა, არ წავალ ქალაქში, აქ უნდა მოვკვდე.    
19 კიდევ ველარრაკე და ვუთხარი:    
20 ნუ გააკეთებ ამას, არამედ დაეთანხმე მრჩეველს; რამდენჯერ გაუბედურებულა სიონი? გაიქარვე დარდი იერუსალემის გამო.    
21 ხომ ხედავ, გაოხრებულია ჩვენი საწმიდარი, დანგრეულია ჩვენი სამსხვერპლო და დაქცეულია ჩვენი ტაძარი,    
22 დამცირებულია ჩვენი ქნარი, დადუმებულია ჩვენი გალობა, ბოლო მოეღო ჩვენს აღმაფრენას, ჩაგვიქრა სასანთლის შუქი, გაიძარცვა ჩვენი აღთქმის კიდობანი, შეგინებულია ჩვენი სიწმიდენი, და სახელი, ჩვენ რომ გვეწოდა, შელახულია, ჩვენი ერისშვილები შეურაცხყოფას განიცდიან, ჩვენს მღვდლებს ცეცხლში წვავენ, ჩვენი ლევიანები ტყვედ მიჰყავთ, ჩვენი ქალწულები შერცხვენილნი არიან, ჩვენი ქალები ძალით არიან დამორჩილებულნი, ჩვენი მართალნი გატაცებულნი არიან, ჩვენი ბავშვები გაიფანტნენ, ჩვენი მოყმენი მონებად იქცნენ, ჩვენი ვაჟკაცები დაუძლურდნენ.    
23 და, რაც ყველაზე უარესია, გაუქმდა სიონის დიდება, რადგან ბეჭედი მისი ჩვენს მოძულეთ ჩაუვარდა ხელში.    
24 მაშ, უკუიყარე შენი უზომო მწუხარება და მოიშორე შენი დიდი სატკივარი, რათა კვლავაც წყალობა მოგანიჭოს ყოვლადძლიერმა და მოგცეს შვება უზენაესმა, და სატანჯველისგან მოგასვენოს.    
25 როცა ამას ვეუბნებოდი, უეცრად განათდა მისი სახე და აელვარდა მისი მზერა, ისე რომ შემეშინდა მისი და ვფიქრობდი, რა უნდა ყოფილიყო ეს.    
26 და აჰა, მან უეცრად გამოსცა ისეთი ძლიერი და შემზარავი ხმა, რომ შეიძრა ქალის ხმაზე მიწა.    
27 და აჰა, გაუჩინარდა ქალი ჩემს თვალწინ, მაგრამ აღიმართა ქალაქი და გამოჩნდა დიდი საძირკვლებიანი ადგილი; მე შემეშინდა და ხმამაღლა ვიყვირე, ვთქვი:    
28 სად არის ურიელ ანგელოზი, პირველად რომ გამომეცხადა? რადგან მან თავად გადამაცდინა გონების ზღვარს; და ჩაიშალა ჩემი მიზანი და ჩემი ლოცვა-ვედრება საყვედურად მექცა.    
29 ამას რომ ვამბობდი, მოვიდა ურიელი ჩემთან და დამინახა.    
30 და აჰა, ვეგდე, როგორც მკვდარი, ცნობა მქონდა წართმეული; ხოლო მან მარჯვენა დამიჭირა, მომაღონიერა და ფეხზე დამაყენა, მითხრა:    
31

რა დაგემართა? რად არის გონება არეული, გული შეშფოთებული? რამ აგაღელვა? მე ვთქვი:

   
32 რადგან გამწირე, მე კი შენი სიტყვისამებრ მოვიქეცი, გავედი ველად და, აჰა, დავინახე და ჯერაც ვხედავ იმას, რის მოყოლაც არ შემიძლია. ხოლო მან მითხრა:    
33 დადექი, კაცს როგორც შეჰფერის, და დაგარიგებ. მე ვთქვი:    
34 მელაპარაკე, ჩემო უფალო, ნუ მიმატოვებ, რომ არ მოვკვდე ტყუილუბრალოდ,    
35 რადგან ვიხილე, რაც არ ვიცოდი, და მესმის, რაც არ ვიცი.    
36 ან იქნებ მატყუებს გონება და სიზმრებს ხედავს ჩემი სული?    
37 ახლა გევედრები, განუმარტო შენს მორჩილს ეს ხილვა. მან მიპასუხა და თქვა:    
38 მისმინე და გასწავლი, იმაზეც გეტყვი, რამაც შეგაშინა; რადგან უზენაესმა გაგიმჟღავნა ბევრი საიდუმლო.    
39 იგი ხედავს შენს სწორ გზას, რომ განუწყვეტლივ დარდობ შენს ხალხზე და დიდად მოთქვამ სიონის გამო.    
40 ეს არის აზრი ხილვისა, ცოტა ხნის წინ რომ მოგევლინა.    
41 მგლოვიარე ქალი რომ იხილე და დაუწყე ნუგეშისცემა,    
42 ახლა კი, ქალის სახეს რომ ვეღარ ხედავ, და აღმართული ქალაქი გეჩვენა,    
43 რომ გიამბო ქალმა თავისი შვილის უბედურება, ამას ასეთი განმარტება აქვს:    
44 ეს ქალი, რომელიც იხილე, და აღმართული ქალაქი, რომელსაც ახლა ხედავ, არის სიონი.    
45 რომ გითხარი ოცდაათ წელიწადს უნაყოფო იქნება-მეთქი, ეს ნიშნავს რომ ოცდაათი წელიწადია, რაც სიონში შესაწირავი არ ყოფილა მიტანილი.    
46

ოცდაათი წლის შემდეგ მოხდა, რომ ააშენა სოლომონმა ქალაქი და მიიტანა შესაწირავი. მაშინ მოხდა, რომ უნაყოფომ ვაჟი გააჩინა.

   
47 ქალმა რომ გითხრა: წვალებით გამოვზარდეო, ეს იყო იერუსალიმში დამკვიდრება.    
48 რომ გითხრა: თავის სანთიობოში მიმავალი ჩემი შვილი მოკვდაო, უბედურება შეემთხვაო, ეს იერუსალიმის დანგრევას ნიშნავს.    
49 აჰა, მისი ხატი იხილე შენ, ძეს რომ ტიროდა და შენ ნუგეშისცემა დაუწყე მას. ეს ყველაფერი, რაც შეემთხვა მას, გამჟღავნებული უნდა ყოფილიყო შენთვის.    
50 ახლა კი ხედავს უზენაესი, რომ დამწუხრებული ხარ სულით და რომ გული გეტანჯება მის გამო, გაჩვენებს იგი თავისი დიდების ნათელს და თავისი მშვენების სილამაზეს.    
51 ამიტომ გითხარი, დარჩენილიყავი ველზე, სადაც სახლი არ აგებულა-მეთქი.    
52 რადგან ვიცი, რომ უზენაესმა უნდა გიჩვენოს ეს.    
53 ამიტომ გითხარი: წადი ველად, სადაც საძირკველი არ ჩაყრილა-მეთქი.    
54 რადგან ვერ გაძლებს კაცის ხელით ნაგები შენობა იმ ადგილზე, სადაც უზენაესის ქალაქი უნდა გამოცხადდეს.    
55 მაშ, ნუ გეშინია, ნუ შეძრწუნდეხა შენი გული: მიდი და იხილე შენობის ბრწყინვალება და სიდიადე, რამდენადაც შენს თვალებს ხილვის უნარი შესწევს.    
56 ამის შემდეგ მოისმენ, რამდენადაც შეძლებს მოსმენას შენი ყური.    
57 რადგან შენ სხვებზე მეტად ხარ ნეტარი და წოდებული უზენაესის მიერ მცირედთა მსგავსად.    
58 ხვალ ღამით აქ უნდა დარჩე    
59 და გაჩვენებს უზენაესი უმაღლეს ხილვებში ყველაფერს, რასაც უმზადებს უზენაესი მათ, ვინც უკანასკნელ დღეებში იცხოვრებს დედამიწაზე.    
60 და დავიძინე იმ ღამეს და მეორე ღამესაც, როგორც მებრძანა.