ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლე თესალონიკელთა მიმართ

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

პავლე, სილვანუსი და ტიმოთე - თესალონიკეღთა ეკლესიას ჩვენს მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში:

1

პავლე და სილოანე და ტიმოთე ეკლესიასა თესალონიკელთასა ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა:

2 მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 2 მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.
3 მოვალენი ვართ, ძმანო, მარადჟამ ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, როგორც ჯერ-არს, ვინაიდან უმეტესად იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთურთის მიმართ. 3 მადლობაჲ გჳღირს ღმრთისა მარადის თქუენთჳს, ძმანო, ვითარცა-იგი ღირს არს, რამეთუ უმეტესად აღორძნდების სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი და განმრავლდების სიყუარული კაცად-კაცადისა თქუენისაჲ ურთიერთარს,
4 ასე რომ, თვითონვე ვიქადით თქვენით ღვთის ეკლესიებში, თქვენი მოთმინებისა და რწმენის გამო ყოველგვარ დევნილობასა და გასაჭირში, რასაც იტანთ, 4 ვიდრეღა ჩუენ თჳთ თქუენთჳს ვიქადეთ ეკლესიათა შინა ღმრთისათა მოთმინებისა მის თქუენისათჳს და სარწმუნოებისა ყოველთა მათ შინა დევნულებათა თქუენთა და ჭირთა, რომელთა თავს-იდებთ
5 იმის დასტურად, რომ იქნება ღვთის მართალი მსჯავრი, რათა ღირსნი გახდეთ ღვთის სასუფევლისა, რისთვისაც ევნებით კიდეც. 5 სახედ სიმართლისა, საშჯელისა ღმრთისა, რაჲთა ღირს იქმნეთ თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომლისათჳსცა გევნების.
6 რადგანაც სამართლიანია ღვთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებელთ, 6 უკუეთუ სამართალ არს ღმრთისა მიერ მიგებად მაჭირვებელთა თქუენთა ჭირი,
7 ხოლო თქვენ, შეჭირვებულთ, - განსვენება ჩვენთან ერთად, როცა უფალი ჩვენი იესო თავისი ძალის ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება ზეცით, 7 და თქუენ, ჭირვეულთა, ლხინი ჩუენ თანა გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა ზეცით ანგელოზთა თანა ძლიერებისა მისისათა,
8 რათა ცეცხლის ალით იძიოს შური მათზე, ვინც არ სცნობს ღმერთს და ეურჩება ჩვენი უფლის იესოს სახარებას, 8 ცეცხლითა ალისაჲთა მიგებად შურის-გებისა, რომელთა-იგი არა იციან ღმერთი და რომელნი-იგი არა დაემორჩილებიან სახარებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა,
9 ვინც სასჯელად მიიზღავს საუკუნო წარწყმედას უფლის სახისა და მისი ძალმოსილების დიდებისაგან, 9 რომელთა-იგი საშჯელი მიეჴადოს, მომსრველი საუკუნოჲ, პირისაგან უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა,
10 იმ დღეს, როდესაც მოვა, რათა განდიდებულ იქნეს თავის წმიდათა შორის და მიეგოს პატივი ყოველი მორწმუნისაგან, რადგანაც ირწმუნეთ ჩვენი მოწმობა თქვენს მიმართ. 10 რაჟამს მოვიდეს დიდებად შორის წმიდათა მისთა და საკჳრველებად ყოველთა შორის მორწმუნეთა მისთა, რამეთუ სარწმუნო იქმნა წამებაჲ ჩუენი თქუენდა მიმართ მას დღესა შინა,
11 ამიტომაც მარადჟამ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა ჩვენმა ღმერთმა ხმობის ღირსნი გყოთ და თავისი ძალმოსილებით აღასრულოს მთელი სათნოება, სიკეთისა და რწმენის საქმე; 11 რომლისათჳს ვილოცავთ მარადის თქუენთჳს, რაჲთა ღირს გყვნეს თქუენ ღმერთმან ჩინებისა მის და აღგავსნეს ყოვლითა სათნოებითა სახიერებისაჲთა, საქმითა სარწმუნოებისაჲთა და ძალითა,
12 რათა იდიდოს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელი თქვენში, ხოლო თქვენ - მასში, ჩვენი ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს მადლით. 12 რაჲთა იდიდოს სახელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ შორის, და თქუენ მის მიერ, მადლითა მით ღმრთისა ჩუენისაჲთა და უფლისა იესუ ქრისტესითა.