იოანეს გამოცხადება
(აპოკალიპსისი)

თავი მეცხრე

1. მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა;

2. გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან.

3. გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ.

4. და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე.

5. და მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი; ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს.

6. იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ.

7. ხოლო კალიები გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ, და თავს ედგათ გვირგვინი, როგორც ოქროსი; და სახე მათი, როგორც სახე კაცთა.

8. მათი თმები დიაცთა თმებს მოგაგონებდათ, კბილები კი მიუგავდათ ღოჯებს ლომისას.

9. ტანთ ეცვათ ჯაჭვნი, როგორც რკინისანი, და მათი ფრთების ხმა, როგორც ცხენმრავალ ეტლთა გრიალი, რომელნიც მიჰქრიან საომრად.

10. ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი, ხოლო კუდებში - ხელმწიფება კაცთა წამებისა ხუთი თვის განმავლობაში.

11. მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ.

12. ერთმა ვაებამ გადაიარა: აჰა, მოდის ამის შემდეგ ორი ვაება.

13. მეექვსე ანგელოზმა ჩაჰბერა და მომესმა ერთი ხმა ოთხ რქათაგან ოქროს საკურთხევლისა, რომელიც არის ღვთის წინაშე;

14. და უთხრა მეექვსე ანგელოზს, საყვირის მქონეს: ახსენი ოთხი ანგელოზი, რომელნიც შეკრულნი არიან დიდ მდინარეზე ევფრატისა.

15. და ახსნილ იქნა ოთხი ანგელოზი, რომელნიც მზად არიან ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელს, მუსრი გაავლონ მესამედს კაცთა.

16. და რიცხვი მათი მხედრობისა - ორასი ათასჯერ ათასი; მომესმა რიცხვი მათი.

17. ასე ვიხილე ხილვით ცხენები და მათი მხედრები, რომლებსაც ეცვათ აბჯარნი ცეცხლის, ჰიაკინთისა და გოგირდის ფერნი. თავები ცხენებისა, როგორც ლომების თავნი, და მათ პირთაგან იფრქვეოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი.

18. და ამ სამი წყლულებისგან - ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისაგან, რასაც აფრქვევენ მათი პირები, კაცთა მესამედი ამოწყდა.

19. რადგან ცხენებისა ძალა იყო მათ თავ-პირსა და მათ კუდებში, ხოლო კუდები გველებს ჰგვანდნენ და ჰქონდათ თავები, რომლებითაც ვნებდნენ ხალხს.

20. დანარჩენებმა კი, რომლებიც არ ამოწყდნენ ამ წყლულებისგან, არ შეინანეს თავიანთ ხელთა საქმენი, რათა თაყვანი არ ეცათ ეშმაკთა და ოქროს, ვერცხლის, რვალის, ქვისა და ხის კერპთათვის, რომელთაც არც ხედვა ძალუძთ, არც სმენა და არც სიარული.

21. არ შეინანეს არც თავიანთი მკვლელობანი და არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი სიძვანი და არც თავიანთი ქურდობანი.