იოანეს გამოცხადება
(აპოკალიპსისი)

თავი მესამე

1. ხოლო სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს, ვისაც აქვს შვიდი სული ღვთისა და შვიდი ვარსკვლავი: ვიცი შენი საქმენი: სახელი ისეთი გაქვს, თითქოს ცოცხალი იყო, და მკვდარი კი ხარ.

2. იფხიზლე და განამტკიცე დანარჩენი, რაც უახლოვდება სიკვდილს, რადგანაც ვერ ვნახე, რომ შენი საქმენი გასრულებულიყვნენ ჩემი ღვთის წინაშე.

3. გახსოვდეს, რაც მიგიღია და მოგსმენია, დაიცავი და მოინანიე; ხოლო თუ არ იფხიზლებ, მოვალ შენთან, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ.

4. თუმცა გყავს სარდეში რამდენიმე კაცი, რომელთაც არ შეუბილწავთ თავიანთი სამოსი; და სისპეტაკით მოსილნი ივლიან ჩემთან, ვინაიდან ღირსნი არიან.

5. მძლეველი ასე სისპეტაკით მოსილი ივლის, არ ამოვშლი მის სახელს სიცოცხლის წიგნიდან და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე.

6. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.

7. ხოლო ფილადელფიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს წმიდა და ჭეშმარიტი, ვისაცა აქვს დავითის კლიტე, რომელიც აღებს და ვერავინ დახშავს, დახშავს და ვერავინ აღებს:

8. ვიცი შენი საქმენი: აჰა, მოგეცი შენს წინაშე გახსნილი კარი და ვერავინ შესძლებს მის დახშვას. მცირე გაქვს ძალა, მაგრამ დაიცავი ჩემი სიტყვა და არ უარყავ ჩემი სახელი.

9. აჰა, სატანის საკრებულოდან გადმოგცემ იმათ, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ ცრუობენ. აჰა, მე ვაიძულებ მათ, მოვიდნენ, ფეხქვეშ ჩაგივარდნენ და თაყვანი გცენ, რათა აღიარონ, რომ მე შეგიყვარე.

10. რაკიღა დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდლის ჟამს, რომელიც მოიწევა მთელს ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად.

11. აჰა, მოვალ მალე. მტკიცედ გეპყრას, რაც გაგაჩნია, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი.

12. მძლეველს სვეტად აღვმართავ ჩემი ღვთის ტაძარში, და აღარ გავა გარეთ; და დავაწერ მას სახელს ჩემი ღვთისას, სახელს ჩემი ღვთის ქალაქის - ახალი იერუსალიმისას, ზეცით რომ ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს.

13. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.

14. ხოლო ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა.

15. ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი.

16. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან.

17. რადგანაც ამბობ: მდიდარი ვარო, გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო, და ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი.

18. გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო.

19. ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე.

20. აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან.

21. მძლეველს გვერდით მოვისვამ ჩემს ტახტზე, როგორც თავად ვძლიე და ჩემს მამასთან დავჯექი მის ტახტზე.

22. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.