იოანეს გამოცხადება
(აპოკალიპსისი)

თავი მეათე

1. ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი ძლიერი, რომელსაც ემოსა ღრუბელი; თავს ცისარტყელა ედგა და მისი სახე იყო როგორც მზე, ფეხები კი - როგორც ცეცხლის სვეტნი.

2. ხელთ ეპყრა გადაშლილი წიგნი: მარჯვენა ფეხი ზღვას დააბჯინა, ხოლო მარცხენა - მიწას,

3. და წარმოსთქვა მგრგვინავი ხმით, როგორც ბუხუნებს ლომი; და როცა დაიგრგვინა, შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა.

4. და როცა შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა, მე დავაპირე წერა, მაგრამ ჩამესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაბეჭდე, რაც თქვა შვიდმა ქუხილმა, და ნუ დაწერ.

5. ხოლო ანგელოზმა, რომელიც ვიხილე ზღვასა და ხმელზე მდგარი, თავისი ხელი აღაპყრო ზეცად,

6. და დაიფიცა ცოცხალი უკუნითი უკუნისამდე, რომელმაც შექმნა ცა და ყოველივე ციური, მიწა და ყოველივე მიწიერი, ზღვა და ყოველივე ზღვიური, რომ უკვე აღარ იქნება დრო.

7. არამედ იმ დღეებში, როცა ხმას გაიღებს მეშვიდე ანგელოზი, როცა ის ჩაბერავს საყვირს, აღსრულდება ღმრთის საიდუმლო, რომელიც მან ახარა მონებს თვისას - წინასწარმეტყველთ.

8. ავიღე წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბილა პირში, მაგრამ, როდესაც შევჭამე, გაამწარა ჩემი მუცელი.

9. ხოლო მან მითხრა: კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის.