იოანეს გამოცხადება
(აპოკალიპსისი)

თავი პირველი

1. გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავისი მონებისათვის, რაც უნდა მოხდეს მალე; და უჩვენა კიდეც თავისი ანგელოზის მოვლინებით მონას თვისას იოანეს,

2. რომელმაც იმოწმა სიტყვა ღვთისა და მოწმობა იესო ქრისტესი, - ყოველივე ის, რაც იხილა.

3. ნეტარია, ვინც კითხულობს და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს და იმარხავს მასში დაწერილს, რადგანაც ახლოა ჟამი.

4. იოანე ასიის შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენდა და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და იქნება, და შვიდი სულისაგან, რომელნიც არიან მისი ტახტის წინაშე,

5. და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო განსვენებულთაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, ვინც შეგვიყვარა და ჩვენი ცოდვებისაგან გვიხსნა თავისი სისხლით,

6. ვინც მეფეებად და თავისი ღმერთისა და მამის მღვდლებად გვაქცია, - დიდება და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

7. აჰა, მოდის ღრუბლებით და იხილავს ყოველი თვალი; იხილავენ ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი. და დაიწყებს გოდებას მის წინაშე დედამიწის ყოველი ტომი. ჰო, ამინ.

8. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, ამბობს უფალი, რომელიც არის, იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი.

9. მე, იოანე, თქვენი ძმა და იესო ქრისტეს ურვის, სუფევისა და მოთმინების თანაზიარი, ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ჰქვია პატმოსი, ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისათვის.

10. ვიყავი სულით, კვირა დღეს, და მომესმა უკნიდან მგრგვინავი ხმა, საყვირის ხმის მსგავსი,

11. რომელმაც თქვა: მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი. რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე ასიის ეკლესიებს - ეფესოში, სმირნაში, პერგამონში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში.

12. მე მივბრუნდი, რომ მეხილა ხმა, რომელიც მესიტყვებოდა, და მიბრუნებულმა ვიხილე შვიდი სასანთლე ოქროსი,

13. ხოლო შვიდ სასანთლეს შორის - მსგავსება კაცის ძისა, რომელსაც ემოსა გრძელი მოსასხამი და მკერდს ერტყა ოქროს სარტყელი;

14. თავი მისი და თმანი - სპეტაკი, როგორც ქათქათა მატყლი და როგორც თოვლი, ხოლო თვალნი მისნი, როგორც ალი ცეცხლისა.

15. ფეხნი მისნი - ცეცხლში გავარვარებული ელვარე რვალი, ხოლო ხმა მისი, როგორც ზათქი მრავალი წყლისა.

16. მარჯვენა ხელში ეპყრა შვიდი ვარსკვლავი და მისი პირიდან გამოდიოდა მახვილი ორლესული, ხოლო სახე მისი, როგორც მზე, სხივმფინარი თავისი ძალით.

17. ვიხილე თუ არა, მის ფერხთით დავვარდი, როგორც მკვდარი, ხოლო მან თავისი მარჯვენა დამადო და თქვა: ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი;

18. აწ ცოცხალი, ვიყავი მკვდარი, და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე, და მაქვს კლიტენი ჯოჯოხეთისა და სიკვდილისანი.

19. მაშ, დაწერე, რაც იხილე რაც არის და რაც იქნება ამის შემდეგ.

20. საიდუმლო შვიდი ვარსკვლავისა, ჩემს მარჯვენაში რომ იხილე, და შვიდი სასანთლისა ოქროსი: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სასანთლე ეკლესიაა შვიდი.