იოანეს ეპისტოლე
პირველი

თავი მეოთხე

1. საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად.

2. ამით იცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არის.

3. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად.

4. თქვენ ღვთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგანაც ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად.

5. ისინი ქვეყნისანი არიან, ამიტომ ქვეყნისას იტყვიან და ქვეყანაც უსმენს მათ.

6. ჩვენ კი ღვთისაგან ვართ; ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს, ხოლო ვინც ღვთისაგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ სულს ჭეშმარიტებისას და სულს ცთომისას.

7. საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ღვთისაგან არის; ვისაც უყვარს, ღვთისგანაა შობილი და იცნობს ღმერთს.

8. ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია.

9. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ამ ქვეყნად, რათა მისი წყალობით ვცხონდეთ.

10. სიყვარული ისაა, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა ჩვენ, და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მალხინებლად.

11. საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი.

12. ღმერთი არავის არასოდეს უხილავს; თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს და მისი სიყვარული სრულყოფილებას აღწევს ჩვენში.

13. იმით შევიცნობთ, რომ მასში ვმკვიდრობთ, ხოლო ის - ჩვენში, რომ თავისი სულისაგან მოგვცა ჩვენ.

14. ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, რომ მამამ მოავლინა ძე ქვეყნის მაცხოვრად.

15. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში მკვიდრობს, ხოლო ის - ღმერთში.

16. ჩვენ შევიცნეთ და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც აქვს ღმერთს ჩვენდამი. ღმერთი სიყვარულია და სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ღმერთი კი - მასში.

17. ამის წყალობით სიყვარულმა იმნაირ სრულყოფილებას მიაღწია ჩვენში (რათა გულდანდობილნი ვიყოთ განკითხვის დღეს), რომ ისეთივენი ვართ, როგორიც ისაა ამ ქვეყნად.

18. სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა,ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში.

19. ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა.

20. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს ცრუა, ვინაიდან თუ თავისი ძმა არ უყვარს, რომელსაც ხედავს როგორღა შეიყვარებს ღმერთს რომელსაც ვერ ხედავს?

21. და ასეთი მცნება გვაქვს მისგან: ვისაც ღმერთი უყვარს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს.